ხუხაშვილი: "კობახიძე ჩემი აგენტია, ხელფასს ვუხდიდი და მივმართავ "ხალხის ძალას", შეიყვანოს აგენტების რეესტრში"
23/02/2023 19:00:25 პოლიტიკა
პოლიტოლოგი და ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი აგენტია".
იგი "ხალხის ძალას" მიმართავს, შეიყვანოს კობახიძე "აგენტების რეესტრში".
"მაშინ იყო "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი", მე ვიყავი გამგეობის თავმჯდომარე და თეონა აქუბარდიამ, რომელიც აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, ახლა შემახსენა, რომ თურმე ირაკლი კობახიძე ჩემთან მუშაობდა. ხელფასს ვუხდიდი ამ ადამიანს, ჩემი თანამშრომელი იყო. სამართლებრივი რეფორმის ჯგუფი იყო შექმნილი ვახტანგ ხმალაძის ხელმძღვანელობით, ამ ჯგუფში იყო კობახიძეც და მე თვალით არ მყავდა ნანახი. რატომ არ მყავდა იცით ნანახი? სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდი იყო და კობახიძე იმალებოდა, ეშინოდა ჩვენს გუნდთან ასოცირების. ხელისუფლებასთან პრობლემები არ გასჩენოდა, იგი ჩუმ–ჩუმად იღებდა ფულს ჩვენგან. ასეთი ადამიანი დღეს ჩემზე ლაპარაკობს. დღეს "ხალხის ძალას" მივმართე, მათი გაგებით ვინც ფულს გიხდის მისი აგენტი ხარ, 2011–2013 წლებში "ქართულ ოცნებაში" ჩავნერგე ჯაშუშური ქსელი. რომლის ყველაზე გასაიდუმლოებული წარმომადგენელი იყო კობახიძე. მე რომ მას ხელფასს ვუხდიდი შემიძლია, დოკუმენტალურად დავუდასტურო. ჩემი აგენტურის ერთ–ერთი წარმომადგენელია და ჩემზე რაღაცებს რომ ლაპარაკობს, ამას ჩემთან შეთანხმებით აკეთებს. ჩემი აგენტია და მივმართავ "ხალხის ძალას", შეიყვანოს ჩემი გავლენის აგენტების რეესტრში", – განაცხადა ხუხაშვილმა.
როგორც მან განაცხადა, გუნდიდან მისი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო, ის რომ მას უსმენდნენ:
"ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო, ის რომ ხელში ჩამივარდა დოკუმენტები, თუ როგორ მისმენდნენ და დავუდე მაგიდაზე ივანიშვილს. ვის სჭირდებოდა და რატო აკეთებდა ისიც ვუთხარი და დღესაც გვედით ჰყავს ის ადამიანი. თავის ჭკუაში შემარიგა იმ კაცთან, მითხრა ყველაფერი ხდებაო. გუნდიდან წამოვედი იმის გამო, რაც დღეს ხდება. ივანიშვილი დიდხანს ცდილობდა ჩემს შენარჩუნებას, ბოლოს მე რომ კატეგორიული უარი განვაცხადე, თვითონ ვეღარც რეკავდა და შეკვეთილიდან სხვას დაარეკინა, სთხოვე რომ ჩამოვიდესო. ჩამიყვანა მეუღლესთან ერთად და მორიგი მცდელობა ჰქონდა, რომ როგორმე შევენარჩუნებინე. რა გამომიშვეს? ეს არის ბოდვა".
მან კობახიძეს "პოლიტიკური სოციოპათი" უწოდა:
"კობახიძის მიმართ მხოლოდ შებრალების განცდა მაქვს. იგი არის პოლიტიკური სოციოპათი და მას რეალურად ხელისუფლებაზე არანაირი გავლენა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, თვითონ გუნდის შიგნი დასცინიან მას. იგი გარკვეულწილად არის ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტის მსხვერპლი. უბრალოდ მას წითელი ნაჭერივით აფრიალებენ, როცა დასჭირდებათ. [...] იგი პოლიტიკური სოციოპათია, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი რამ იკადროს. ჩემზე რას იტყვის, ეს ნაკლებად საინტერესოა, ასეთი ფსიქიკის ადამიანი ხელისუფლებას რომ წარმოადგენს და ვიღაცა მისი პატრონი ყველაზე ავადმყოფურ პარანოიდალურ აზრებს ამას პირში უდებს და ალაპარაკებს, იქაა პრობლემა", – განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის: 22 თებერვალს ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ჯაშუშია. მისი თქმით, "რამდენიმე აგენტი მათ პარტიაშიც იყო" და ამ კონტექსტში ისაუბრა ეკა ბესელიასა და გია ხუხაშვილზეც:
"ჩვენს გუნდშიც იყვნენ, თავის დროზე, ასეთი ადამიანები. იყვნენ ასევე ჯაშუშის ჯაშუშები, ასე ვთქვათ, აგენტის აგენტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ზოგადად. მარტო ინფორმაციის გატანაზე არ არის საუბარი, მათ ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის, მათ მძიმედ დააზიანეს სხვადასხვა დროს ჩვენი გუნდი, მაგრამ ჩვენ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ ამ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა. [...] სიტყვაზე, ავიღოთ გია ხუხაშვილი, არასდროს არ მიხსენებია ეს კაცი, თვითონ ილანძღება ხოლმე. არის "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. ვისაც უნდა სცოდნოდა, იმან იცოდა, საიდან იყო მართული, რაღაც მომენტიდან, ყოველ შემთხვევაში. ის 2013 წელს გუნდიდან იქნა გაშვებული. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ვერც გამოსწორდა, არ ვიცი, აგენტი, როგორ შეიძლება გამოსწორდეს. საბოლოო ჯამში, გარდა ამისა, ჩაერთო მძიმე საქმიანობაში. მოგვიანებით, საინტერესო "კეისი" იყო, ასევე, ეკა ბესელია, რომელიც თავის დროზე იყო... ვანო მერაბიშვილის მრევლზე ვსაუბრობ. იყო გარკვეული პროცესები, სადაც მან ძალიან მძიმე როლი შეასრულა".


