Accentnews.ge
ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი

ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი

24/02/2023 11:11:07 პოლიტიკა

პრემიერი - მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან შემიძლია ერთი რამ გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად

მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან შემიძლია ერთი რამ გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნიუ-იორკში, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ასამბლეაში, გამოვიდა სიტყვით ჩვენი ქვეყნის სახელით, წარადგინა ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ თავიდან აიცილა მეორე ფრონტი და პროვოკაციები.

„ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის ვზღუდავთ. მეორეს მხრივ იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, იმ ფონზე რა თქმა უნდა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს და ამავდროულად რა თქმა უნდა ვიცავთ უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ. ყველა უკრაინელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფება, ცხოვრობს დაცულად. ჩვენ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, გავუხსენით სკოლები უკრაინულ ენაზე და რაც შეგვიძლია ვაკეთებთ მაქსიმუმს. საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტიც, პროვოკაციები. რომ ყოფილიყო ეს დესტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებაში, დღეს საქართველოც, მსგავსად უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილისა გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად. ასე რომ ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად. ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრებიან უკრაინაში დაგეგმილ ღონისძიებებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისურვებდა, უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით დღეს კიევში ყოფილიყო და ამის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა უკრაინიდან მოწვევა ვერ მიიღო:

"მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისთვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი მოწვევის მიუხედავად არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, რომლებიც ევროპის უფრო ძლიერ ქვეყნებს, რომ ევროკავშირის საზღვრები და NATO-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს. თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს“.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი:

"ამ მოცემულობაში, არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი. გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომც და ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია. გაუგებარია იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი, არა ერთხელ, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შენახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე. საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობრობის ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S