ჰერჩინსკი – "ხალხის ძალის" კანონპროექტის შესახებ: "შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან, ვიმედოვნებ, არ მიიღებენ"
24/02/2023 12:56:55 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია.
მისი თქმით, "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს.
"უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი შეფასდა ბრიუსელის მიერ და მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები შემაშფოთებელი, სამწუხარო. მე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე, 12 პრიორიტეტთან. პირველი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მეორე - სამოქალაქო საზოგადოება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი გზავნილი, რომელიც ამავდროულად ცუდ დროს შემუშავდა. მაგრამ ვიმედოვნებ, როგორმე გადაიფიქრებენ და არ მიიღებენ. ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაიქცევა კანონად", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელი ისტორიულია საქართველოსთვის, რადგან ამ წლის დეკემბერში გადაწყდება საქართველოს მიენიჭება თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი:
"დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანა წინ წავა და საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ამისთვის შარშან საქართველოსთვის 12 პრიორიტეტი დაწესდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გადავხედავთ პრაქტიკაში განხორციელებულ 12 პრიორიტეტს. ბოლო ინიციატივა უბრალოდ შეუთავსებელია ევროკავშირის სულ მცირე 12 პრიორიტეტთან".
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტია "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.


