„უკრაინამ აჩვენა რუსეთის დამარცხების შესაძლებლობა“: წინააღმდეგობის ერთი წელი

24-02-2023 17:43:03 ინტერვიუ

დანაშაულებრივი ომი, რომელიც კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის ჩანაფიქრის მიხედვით, სამ დღეში კიევის დაცემით უნდა დასრულებულიყო, ერთი წელია, გრძელდება და მოსკოვმა არათუ მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმისას დასახულ, არამედ შეკვეცილ ამოცანებსაც ვერ მიაღწია –დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებსს. ხოლო უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება და გამარჯვებას მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგენის ფარგლებში ხედავს.

„ერთი წლის წინ ბევრი ელოდა, რომ რამდენიმე კვირაში უკრაინა აღარ იქნებოდა. ყველაფერი შეიცვალა და დღეს მთავარი კითხვაა, როგორი იქნება უკრაინის გამარჯვება? პასუხი მარტივია: გამარჯვება - ეს არის 1991 წლის საზღვრებამდე ყველა ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება და რუსეთის მხრიდან საფრთხის ლიკვიდაცია”, - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 24 თებერვალს.

უკრაინა კვლავ არ არის მარტო და როგორც თავდაცვის მინისტრმაც აღნიშნა, „იქნება მეტი იარაღი, მათ შორის – უკრაინული. იქნება ტანკები და ჯავშანტექნიკა, დამცველების მომზადების პროგრამები":

„დარტყმებს უფრო ძლიერად და უფრო შორს მივიტანთ, ჰაერში, მიწაზე, ზღვაში და კიბერსივრცეში. იქნება ჩვენი კონტრიერიში. ბევრს ვმუშაობთ, რათა იგი მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ”.

უკრაინული დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ ომის ბედი გაზაფხულის ბოლომდე გადაწყდება.

„ეს არა პროგნოზი, არამედ დასკვნაა“,– ხაზგასმით დასძინა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

რა ხდება ფრონტზე

ამჟამად სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს ბრძოლები: ბახმუტი, უგლედარი და სვატავო.

  • „სვატავოს მიმართულებაზე უკრაინელები ცდილობენ კონტრშეტევის განხორციელებას, თუმცა ჯერ არც ერთ მხარეს არ აქვს წარმატება.
  • ბახმუტის მიმართულებით ჩრდილოეთიდან შეძლეს მცირედით წინ წაწევა რუებმა და ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ალყა შეკრული არაა, თუმცა საცეცხლე ზემოქმედებით ახერხებენ ღია ადგილის დაფარვას, რაც ბახმუტს დანარჩენ უკრაინასთან აკავშირებს.
  • უგლედარის მიმართულებაზე (იქ შორეული აღმოსავლეთის საზღვაო ქვეითები არიან) რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღეს რუსებმა შეტევებისას. ამჟამად იქ ძირითადად პოზიციური დაპირისპირებაა. სადაზვერვო მონაცემებით, რუსები კვლავ ახდენენ ძალების კონცენტრაციას და შესაძლოა, კვლავ შეუტიონ უგლედარს“,– აღწერს ვითარებას „აქცენტთან“ გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე და ასკვნის, რომ „ჯამში ფრონტის ხაზზე დიდი ცვლილებები არ არის, მიმდინარეობს ე.წ. მეორე თუ მესამე თაობის ომი, რაც გულისხმობს პირველი და მეორე მსოფლიო ომების ტიპის დაპირისპირებას – სანგრებში პოზიციურს“.

რა აჩვენა ამ ომმა

ჩემთვის, ასე ვთქვათ, აღმოჩენა იყო რუსეთის მხრიდან ოპერაციის ასეთი უნიათო დაგეგმარება–განხორციელება და უკრაინის მოსახლეობის და შეიარაღებული ძალების ნება და უნარი, წინააღმდეგობა გაეწიათ რუსეთისთვის“,– გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას გადამდგარი გენერალი და განაგრძობს, „ოპერატიულ–ტაქტიკური თვალსაზრისით აქ სიახლედ შესაძლოა, ჩაითვალოს, უკრაინელების მხრიდან ტერიტორიული ძალების კარგად; დაზვერვის, საცეცხლე და მართვის სისტემების ერთიანად გამოყენება ცოცხალ რეჟიმში (რაც გულისხმობს უპილოტო საფრენი აპარატების, არტილერიის ინტეგრირებულ გამოყენებას) და შორი მანძილის ზუსტი დარტყმების მნიშვნელობა“.

მისი ანალიზის მიხედვით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ჯერ კიდევ რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე არტილერია, შორ მანძილზე ზუსტი დარტყმის განხორციელება და სამეულის – ხალხი, ხელისუფლება და ჯარი – ერთიანობა.

რას ველით

„ცრუ მოლოდინები რომ არ შევქმნათ, ველი, რომ გაზაფხულზე გამოჩნდება გარდატეხის ნიშნები, მაგრამ არა გარდატეხა. უკრაინის მხარეს ჯერ არ ჩანს დაჯგუფება, რომელმაც კონტრდარტყმა უნდა განახორციელოს. იმედი მაქვს, რომ ტექნიკასაც, რომელსაც უკრაინაში ელიან, ფრაგმენტულად არ გამოიყენებენ, მოუყრიან თავს და ერთ დამრტყმელ მუშტად ჩამოაყალიბებენ, რაც აუცილებელი იქნება კონტრდარტყმისთვის, თორემ ახლა რუსეთმა ჩაითრია უკრაინა პოზიციურ დაპირისპირებაში ფრონტზე და უკრაინის რეზერვები ამ დაპირისპირებაში იხარჯება. ვფიქრობ და როგორც ვიცი, დასავლეთიდანაც მსგავსი რჩევებია, რომ უკრაინამ კონცენტრაცია გააკეთოს კონტრდარტყმის მომზადებაზე და არა გარკვეული დასახლებული პუნქტების დაცვაზე. მესმის, ეს ჩვენთვის ადვილი სათქმელია, უკრაინელისთვის კი თითოეული გოჯი სამშობლოა, მაგრამ პრიორიტეტები უნდა განსაზღვრონ, ტაქტიკური და ოპერატიული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ამ მიმართულებებით,– ფიქრობს კაპანაძე.

მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსები შეძლებენ მნიშვნელოვანი კონტრშეტევების გაგრძელებას:

„ეჭვი მაქვს, რომ შეძლებენ ბახმუტის აღებას და მეტს ვერაფერს – წინ ვერ წაიწევენ, თუმცა შეეცდებიან და აქვთ რესურსიც, დიდხანს დაიცვან ოკუპირებული ტერიტორიები“.

მიუხედავად იმისა, რომ არის ცნობები შემორჩენილი ერთეული მოკავშირეების მხრიდან რუსეთისთვის რიგი საბრძოლო საშუალებების მიწოდების თაობაზე, გენერალი მიიჩნევს, რომ ეს არ არის იმ რაოდენობის, რაც რუსეთს მნიშვნელოვანი შეტევის წამოწყების შესაძლებლობას მისცემს, თუ ჩინეთი არ ჩაერთო ფართომასშტაბიანი მხარდაჭერით. ამას კი გენერალი არ ელის.

„რუსეთი აწარმოებს რიგ საშუალებებს, მაგრამ იმ რაოდენობისას ვერა, რაც სჭირდება და ეს ეტყობა კიდეც მის შეიარაღებულ ძალებს: საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფებს ვეღარ ქმნიან, რადგან ტექნიკა აღარ აქვთ და სახაზო ბატალიონებით ომობენ (მექანიზირებულიც აღარ არის ბატალიონი, ფაქტობრივად ქვეითია). ამდენად, რუსეთსაც უჭირს, არ აქვს ულევი აღჭურვილობა და შეიარაღება. ეს სარაკეტო დარტყმების სიხშირეშიც გამოჩნდა.

რაც შეეხება ჩინეთს, ჩიპებით და რიგი ნაწილებით რომ ამარაგებს რუსეთს, ფაქტია და ცნობილია კიდეც დასავლეთის დაზვერვისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობის ტექნიკით არ ეხმარება და არ მგონია, ამაზე წავიდეს. ხოლო თუ წავიდა, ეს დაუსრულებელ ომად იქცევა და ძალიან დიდი იქნება ალბათობა მესამე მსოფლიო ომის დაწყების. მაგრამ ჯერ არც ჩინეთი და არც ნატო არ ერთვება ომში“.

გენერლის ანალიზის მიხედვით, რუსეთი ცდილობს, ომი გადაიყვანოს გაჭიანურებულ დაპირისპირებაში: მისთვის იდეალური გამოსავალი იქნებოდა, არსებულ მოცემულობაში შეწყდეს ცეცხლი და სტატუს–კვო შეინარჩუნოს, წამოიწყოს „გაუთავებელი ვაჭრობა“, პარალელურად მოძლიერდეს, მოახდინოს შესაძლებლობების მობილიზება და „თუ რაღაც ცვლილებები არ მოხდა უშუალოდ რუსეთში, მოემზადოს შემდგომი ექსპანსიისთვის“. „ეს რეალობაა“,– აღნიშნავს კაპანაძე და მიუთითებს, რომ ამ მომენტისთვის რუსეთმა ომის დაწყებისას დასახული მიზნებიდან არათუ ვერც ერთი ვერ შეასრულა, საპირისპირო შედეგები მიიღო:

  • „დენაციფიკაციის“ ნაცვლად ერი გააერთიანა;
  • დემილიტარიზაციის ნაცვლად მიიღო უკრაინის მოდერნიზებული შეიარაღებული ძალები – ამ ომის შემდეგ ალბათ უკრაინა ევროპაში საუკეთესო შეიარაღებული ძალების მქონე ქვეყანა იქნება მიუხედავად დანაკარგებისა და ეკონომიკურად დასუსტებისა;
  • რუსეთმა საკუთარ საზღვართან მიიღო მტრული, კარგად მომზადებული და მხარდაჭერილი ქვეყანა უკრაინის სახით;
  • ასევე საკუთარ საზღვართან გააფართოვა ნატო ფინეთიდან გამომდინარე;
  • აჩვენა მსოფლიოს, რომ არც ისეთი უძლეველია, როგორც აქამდე ეგონა ყველას.

„ფაქტია, რომ უკრაინამ აჩვენა რუსეთის დამარცხების შესაძლებლობა. რუსეთი სუსტდება და ეს გარდაუვალია – ამ დანაკარგების შემდეგ ვერანაირად ვერ გაძლიერდება. უკრაინამ აჩვენა, თუ რამდენადაა მსოფლიო შეკრული საჭიროების შემთხვევაში“.

გენერალი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს გადაწყვეტს, რამდენად დროულად მიიღებს უკრაინა დაპირებულ აღჭურვილობას, რამდენად ადეკვატური იქნება ეს აღჭურვილობა რაოდენობრივი თვალსაზრისითაც:

„პლუს, კონტრდარტყმას აუცილებლად სჭირდება საჰაერო მხარდაჭერა და დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა საჰაერო საშუალებებსაც მიიღებს. ამის შემდეგ ნამდვილად შეეძლება, რომ გარდატეხა შეიტანოს ამ დაპირისპირებაში.

უკრაინული დანაყოფები ემზადებიან და ითვისებენ თანამედროვე ტექნიკას, კერძოდ, „ლეოპარდებს“ და ჩელენჯერებს“, ეს მანამდეც ხდებოდა, მაგრამ თუ ისინი სანგრებში გაუშვეს, რეზერვს კონტრდარტყმისთვის ვერ მოაგროვებენ. ამიტომაა საჭირო ამ ხალხის ერთ მუშტად ჩამოყალიებება, როგორც უკვე ვთქვი. დარწმუნებული ვარ, ეს ესმით უკრაინელებს და ამას ალბათ გააკეთებენ. ჩამოყალიბებული, დასვენებული, დასავლეთში მომზადებული და დასავლური შეიარაღებით აღჭურვილი მნიშვნელოვანი დაჯგუფება (უნდა იყოს ალბათ 100–150 ათასიანი, თუ ოპერატიულ დონეზე აპირებს მნიშვნელოვანი დარტყმის განხრციელებას), ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხის შემტანი, თუმცა არა ომის დასრულების. უკრაინამ ტერიტორიები რომც გაათავსიუფლოს, რუსეთში არსებულ რეალობაში ომი არ დასრულდება – გადაინაცვლებს საზღვარზე“.

კაპანაძის აზრით, თუ უკრაინა შეძლებს, გარდატეხის ჩვენებას, შემდეგ შეგვეძლება საუბარი, როგორ განვითარდება ომის ბედი – იქნება მოლაპარაკებები, თუ გაგრძელდება დაპირისპირება მცდელობით, რომ უკრაინამ გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები:

„ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის უკრაინისთვის დიდი გამარჯვება იქნება, თუ ხერსონის რაიონს და ზაპოროჟიეს დაიბრუნებს და აზოვის ზღვაზე გავა. შემდეგ შესაძლოა, სხვა რაღაცეებისთვის მოემზადოს. ყველაფრის ერთად გათავისუფლება უკრაინას გაუჭირდება“.

რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ

გვსურს თუ არა, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი სისტემები ძალიან სწრაფად უნდა ჩავანაცვლოთ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, იყოს ძვირადღირებული და მტკივნეული პროცესი,– ხაზგასმით აღნიშნავს გენერალი და განმარტავს: „მთელი რესურსი, რაც კი არსებობდა აღმოსავლეთ ევროპაში, დაიხარჯა უკრაინაში, ომი გრძელდება და კიდევ გაიხარჯება. ამდენად, ჩვენ ვეღარ შევიძენთ სათადარიგო ნაწილებს, საბჭოთა ტექნიკის მომსახურებისთვის საჭირო აღჭურვილობას. იმედია, რუსეთიდან და ბელარუსიდან ყიდვას არ ვაპირებთ, თუმცა მეეჭვება, მათ გასაყიდად ჰქონდეთ შემორჩენილი. ამიტომ, ჩვენ ამ საბჭოთა ტექნიკისგან უნდა გავთავისუფლდეთ“.

საქართველოს ძირითად შეიარაღებაში კი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა წარმოების წილი სოლიდურია – დაახლოებით, 70–80%, ვინაიდან, როგორც კაპანაძე აღნიშნავს, მოდერნიზება არ მომხდარა:

„მოხდა რამდენიმე კომპონენტის შემოტანა: ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების, მართვის სისტემების, მაგრამ დიდი წილი ჩვენი ძირითადი შეიარაღებისა (ვგულისხმობ არტილერიას, ჯავშანტექნიკას) მაინც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა წარმოებისაა“.

ამასთან, კაპანაძე მთავარ ამოცანებს შორის ბიუჯეტის და თავდაცვის ოპერატიული დაგეგმარების გადახედვას ასახელებს რეალობის გათვალისწინებით:

„ჩვენი სწავლებები უნდა გავხადოთ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული (არა სამშვიდობო ოპერაციების და მხოლოდ კოალიციურ ჯარებთან ერთად მონაწილეობის რიგ კონტრტერორისტულ ოპერაციებში), უნდა გავზარდოთ ჩვენი წვრთნები იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც უკვე რეალურად ჩანს მსოფლიოში: ნათელია, რომ საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები არ მცირდება არც რუსეთის წარმატების და არც წარუმატებლობის შემთხვევაში. საფრთხეები მატულობს, შესაძლოა, მუქარაში გადაიზარდოს, მაგრამ არ ქვეითდება. დამარცხებული რუსეთისთვისაც კი რეაბილიტაციის თვალსაზრისით საქართველო ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებაა“.

ამასთან, მისი ხედვით, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება, როგორისაა უპილოტო საფრენი აპარატები, დამიზნებისა და თვალთვალის, ცეცხლის მართვის სისტემები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები