Accentnews.ge
პაპუაშვილი – სტეფანჩუკს: "გვექნება გამარჯვების კიევში აღნიშვნის შესაძლებლობა"

პაპუაშვილი – სტეფანჩუკს: "გვექნება გამარჯვების კიევში აღნიშვნის შესაძლებლობა"

24/02/2023 14:09:02 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავის უკრაინელ კოლეგას რუსლან სტეფანჩუკს „ფეისბუკში“ საჯარო წერილით მიმართავს და წერს, რომ დადგება უკეთესი დღეები და კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა ექნებათ.

მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა.

"ქართული დროშა კიევში საქართველოს საელჩოში ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ დაშვებულა. მშვიდობის დადგომამდე საქართველო ათასობით უკრაინელისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. 2022 წლის აპრილში, ქ. კიევში ჩვენს შეხვედრას გაორებული ემოციებით ვიხსენებ. ვიყავი ბედნიერი თქვენთან, როგორც ჩემს მეგობართან შეხვედრით. თუმცა, ამავე დროს, ვიყავი დამწუხრებული და შოკირებული რუსეთის აგრესიის ტრაგიკული შედეგებით.

დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი დღეები აუცილებლად დადგება და გვექნება კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა", - წერს პაპუაშვილი.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.

21 თებერვალს შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც საპარლამენტო დელეგაციაც არ ჩადის 24 თებერვალს უკრაინაში - რუსეთის მიერ დაწყებული ომის წლისთავზე. კერძოდ, მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაა.

"როდესაც თქვენს ქვეყანას, იმ ქვეყნის მიმართ, რომლის წინაშეც ფიცი დადეთ, აბრალებენ და მიდის დეზინფორმაციის ტალღა, როდესაც დამნაშავეს ეძახიან მსხვერპლს, როდესაც მწამებელს ეძახიან წამებულს, როდესაც თქვენს ქვეყანას შიგნით და გარეთ აბრალებენ არაკეთილსინდისიერებას, სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობას და ა.შ.

როდესაც თქვენ, პირადად ანა ნაცვლიშვილმა იცით, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რომ სინამდვილეში მწამებელია მწამებელი, რომ დამნაშავეა დამნაშავე, რომ არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა რაიმე სანქციების გვერდის ავლა, აი ამ ყველაფერს რომ ისმენთ და არაფერს ამბობთ, ამით არღვევთ ფიცს ამ დროშის და ამ გერბის წინაშე", - მიმართა შალვა პაპუაშვილმა პარტია "ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის რადას წარმომადგენლებთან და "ისინიც გაკვირვებული არიან თუ რატომ მოხდა ასეთი აჟიოტაჟი საქართველოში".

"რაც შეეხება ჩვენს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტს და რადას შორის ურთიერთობა, ეს არის ყველაზე თბილი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ ორივე პარლამენტმა იმ ვიზიტებით, რომელიც აქ განხორციელდა, თქვენც იყავით მოწმე და მონაწილე, როდესაც ჩამოვიდნენ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები, ბავშვებთან ერთად.

ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ვიზიტით იქ, მათი ვიზიტით აქ, დავამტკიცეთ, თუ როგორი მეგობრობა გვაქვს და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს საკითხები გამჟღავნდა არა უკრაინის რადას რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, არამედ ისევ საქართველოს პარლამენტის წევრის მხრიდან, რომელსაც ფიცი აქვს დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. ეს ერთადერთ რამეს გვაჩვენებს, როგორ ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას, როგორ ვუყურებთ უკრაინას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S