"არსებობს რუსული აგრესიის ნიმუში: საქართველო, ყირიმი და აღმოსავლეთ დონბასი, უნდა დავარღვიოთ ეს ციკლი"
24/02/2023 14:41:12 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენგერგის განცხადებით, როდესაც ომი დამთავრდება, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ისტორია აღარ განმეორდეს და დაირღვეს რუსული აგრესიის ციკლი. ამ კონტექსტში მან რუსეთ–საქართველოს ომი ახსენა:
"არსებობს რუსული აგრესიის ნიმუში, საქართველო 2008 წელს, ყირიმი და აღმოსავლეთ დონბასი 2014 წელს და გასული წლის სრულმასშტაბიანი შეჭრა - უნდა უზრუნველვყოთ, რომ როდესაც ომი დამთავრდება, რუსეთმა ვეღარ შეძლოს ევროპული უსაფრთხოების შესუსტების გაგრძელება და ჩვენ უნდა დავარღვიოთ რუსული აგრესიის ეს ციკლი".
მისი თქმით, ნატო-ს პოზიცია უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უცვლელია:
„რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ამავდროულად, ყველანი ვხვდებით, რომ ამის განსახორციელებლად პირველი ნაბიჯი არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ. სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი უკრაინის გარეშე, წევრობის საკითხი საერთოდ არ იარსებებს. ასე რომ, ჩვენი მთელი ყურადღება, ძალისხმევა ახლა მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და პუტინი დამარცხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, უკრაინის წევრობის საკითხი აღარ იარსებებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


