ღარიბაშვილი: "25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ"
25/02/2023 08:44:39 პოლიტიკა
1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ.
„ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს.
დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ,“- აღნიშნულია განცხადებაში.
1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის წითელმა არმიამ, თითქმის ორკვირიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, თბილისი აიღო, დაამხო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.


