ნათია მეზვრიშვილი: „ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და გააყალბონ არჩევნები"
27/02/2023 07:42:27 პოლიტიკა
„ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და გააყალბონ არჩევნები", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ეს კანონი პირდაპირ არღვევს სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტიდან 2 მათგანს და ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩაატაროს".
პარტია მოვუწოდებს, "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს დისკუსია და კონსტიტუციის დარღვევა".
"ე.წ. აგენტების კანონის ინიცირება მაშინ, როდესაც ევროკომისიამ კანონმდებლობა დადებითად შეგვიფასა და საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. მსგავს კანონზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს "ოცნება" ამ კანონს და რამდენ ვერსიას დააინიცირებს. „გამჭვირვალობა“ გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ისედაც არსებობს. კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტის მე-7 და მ-10 პუნქტებს; ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები რეალური და სამართლიანი სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაატაროს; აგენტის იარლიყს აკრავს ყველას, ვისი საქმიანობაც "ოცნების" უკანონო ძალაუფლებისთვის საფრთხის შემცველია. კანონპროექტის ინიციატორ და ხმის მიმცემ თითოეულ დეპუტატს შევახსენებთ იმ მძიმე და გარდაუვალ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის ინტერესების ღალატს მოსდევს - პასუხისმგებლობას, რომელიც პერსონალიზებული იქნება და ვერავინ გაექცევა - ვერც დამკვეთი და ვერც შემსრულებელი!", განაცხადა მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.
24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.
"ხალხის ძალა" გეგმავს, დღეს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს რიგით მეორე კანონპროექტი., რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.


