Accentnews.ge
სუბარი:  "ვურჩევ გაეროს, ნუ სპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით"

სუბარი: "ვურჩევ გაეროს, ნუ სპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით"

27/02/2023 07:48:49 პოლიტიკა

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საქართველოში გაერო–ს წარმომადგენლოების განცხადებას ეხმაურება და ორგანიზაციას "ურჩევს, ნუ სპეკულირებს ბენეფიციარების სახელით“.

„ეს არის წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტი, გაერო–ს წარმომადგბელობა საქართველოში. იმედია, გაერო საქართველოს არ უყურებს, როგორც რაღაც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს დემოკრატიის და სხვა სტანდარტი უნდა იყოს ვთქვათ ამერიკაში, ან კანადაში. შეუძლებელია, რომ ის რაც არის კარგი ამერიკული დემოკრატიისთვის და ამერიკული სახელმწიფოს სიმყარისთვის, ცუდი იყოს საქართველოსთვის და მე მგონი, აი, ამ სტანდარტით უნდა მოგვიდგნენ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები, მათ შოროს, გაეროს წარამომადგენლობა საქართველოში. ძალიან დაბეჯითებით თხოვნაც მექნება და რჩევაც გაეროს წარმომადგენლობისთვის, რომ ნუ ისპეკულაციებენ ბენეფიცირების სახელით", -აცხადებს სუბარი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. ასევე, გაეროში ამბობენ, რომ ამ კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს მათ საქმიანობა საქართველოში.

ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

"ხალხის ძალა" გეგმავს, დღეს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს რიგით მეორე კანონპროექტი., რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".

კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S