Accentnews.ge
კობახიძე: "გამორიცხულია, „ხალხის ძალის“ ორივე პროექტზე იყოს უარყოფითი დასკვნა, აქედან გამომდინარე, ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ"

კობახიძე: "გამორიცხულია, „ხალხის ძალის“ ორივე პროექტზე იყოს უარყოფითი დასკვნა, აქედან გამომდინარე, ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ"

27/02/2023 08:57:15 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აუცილებლად მიიღებენ "ხალხის ძალის" შემუშავებული ორი კანონპროექტიდან ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") ერთ-ერთს.

მისი თქმით, ამ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ, თუმცა ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ.

„გვქონდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა კოლეგების მხრიდან. ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში შედგება საკომიტეტო მოსმენები, ამის შემდეგ შედგება პლენარული სხდომა. პირველი მოსმენით იქნება მიღებული როგორც ერთი, ასევე მეორე კანონპროექტი. ანუ, ქართული ვერსიაც და ამერიკული ვერსიაც. ამის შემდეგ ორივე დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ ვითხოვთ დაჩქარებული წესით დასკვნის წარმოდგენას, არსებობს ასეთი პროცედურა. ამის შემდეგ უკვე სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება. თუ იქნება დადებითი დასკვნა ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკული ვარიანტის განხილვა, თუ იქნება დადებითი დასკვნა ქართულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ქართულის განხილვა. ყველა შემთხვევაში დასკვნა იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით. ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა. შეიძლება იყოს ცალკეული კომენტარები ერთ ან მეორე, ან ორივე კანონთან დაკავშირებით, ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აპრიორი გამორიცხულია, რომ ერთზე ან მეორეზე, ან ორივეზე იყოს წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო, არის სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვცენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო, მითუმეტეს, რომ აქ საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე. შეიძლება, მხოლოდ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით გამოითქვას რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, მაგრამ ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ შეიძლება იყოს მიღებული, მითუმეტეს, რომ მხოლოდ გამჭვირვალობას ადგენს ის კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

"ხალხის ძალა" გეგმავს, დღეს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს რიგით მეორე კანონპროექტი., რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".

კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S