Accentnews.ge
ელისაშვილი: "ღიმილის მომგვრელია, რომ „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში აგზავნის, სჯობს, „გოსდუმაში“ გააგზავნონ"

ელისაშვილი: "ღიმილის მომგვრელია, რომ „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში აგზავნის, სჯობს, „გოსდუმაში“ გააგზავნონ"

27/02/2023 09:07:44 პოლიტიკა

"ღიმილის მომგვრელია, რომ „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში აგზავნის, სჯობს, „გოსდუმაში“ გააგზავნონ, რადგან რუსული სულისკვეთების კანონია", – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ღირსების ამბავია, რომ ეს კანონი ასეთი ამაზრზენი ფორმითა და შინაარსით არ უნდა გავიდეს.

"ცოტა ღიმილის მომგვრელია, რომ ვენეციის კომისიაში აგზავნიან. „გოსდუმაში“ გააგზავნონ, სჯობს. FARA სხვა კანონია. საქართველო ერთი დაცემინება ქვეყანაა და უკვე ჩათვალეს, რომ ამერიკა ვართ, გამართული დემოკრატიით და ინსტიტუტებით? კონტექსტსა და სახელმწიფოს ხომ უნდა მიხვდნენ, სად ხარ, რა ეტაპზე ხარ? ამერიკაში, რამდენიმე შტატში სიკვდილით დასჯაა და მსჯავრდებულებს ელექტროსკამზე სვამენ და ასე ჩვენც გავაკეთოთ? ამდენი დრო და ენერგია მავნებლობაში იხარჯება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.

ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

"ხალხის ძალა" გეგმავს, დღეს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს რიგით მეორე კანონპროექტი., რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".

კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S