აშშ–ის ელჩი – "ხალხის ძალის" კანონპროექტის შესახებ: "საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი და პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რატომ მოხდა მისი წარდგინება"
27/02/2023 10:20:35 პოლიტიკა
აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს არ სჭირდება "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონი.
მისი თქმით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რატომ მოხდა შესაბამისი კანონპროექტის წარდგინება.
"რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყოველდღე ახალი და ახლი მიზეზი ჩნდება. თავდაპირველად დასახელდა გამჭვირვალობა მაშინ, როდესაც გამჭვირვალობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება დახმარება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. რაც შეეხება ამერიკულ კანონმდებლობას, მისი მიზნები საერთოდ სხვაგვარია. აქ შემუშავებული კანონპროექტი შეუშლის ხელს ქართველებს ქართული საზოგადოების წევრებს, რომ დაეხმარონ სხვა საზოგადოების წევრებს სხვადასხვა მიმართულებით ეს ხელს შეუშლის ისეთ ორგანიზაციებს, რომლების მუშაობენ, მათ შორის კლიმატის ცვლილებებზე. ეს ხელს შეუშლის ბიზნეს–ასოციაციებს, იურიდიული დახმარების ორგანიზაციებს. ნათელია, რომ ეს კანონი არის არის რუსული კანონის მსგავსი, რომლის მიზანი გახლდათ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და განსხვავებული მოსაზრების გაჩუმება. საქართველომ ძალიან ბევრი იშრომა და იბრძოლა იმისათვის, რომ აეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები და დაეცვა ეს ძირითადი თავისუფლებები და სწორედ ამიტომ საქართველოს დიდი ხნის პარტნიორები, როგორიცაა აშშ, ევროკავშირი გაერო და სხვა ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი და პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რატომ მოხდა მისი წარდგინება", – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.
24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.
"ხალხის ძალა" გეგმავს, დღეს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს რიგით მეორე კანონპროექტი., რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.
მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.


