"ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ეროვნულ ბანკში ცვლილებები საჭირო არ არის, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, რამაც მოიტანა სტაბილური ეკონომიკის ზრდა?"
27/02/2023 10:29:19 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობას და იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ არ არის საჭირო ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატება.
"ეროვნული ბანკის სანდოობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი დამოუკიდებლობა და ამ საკითხთან დაკავშირებით ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო, როცა ეროვნულ ბანკში არის ასეთი გუნდი, რომელმაც ასე კარგად მართა ამ პერიოდის განმავლობაში. ამაზე მიანიშნებს ის სტატისტიკა, რაც არსებობს. რატომ უნდა შეიცვალოს ეს გუნდი, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, რამაც მოიტანა სტაბილური ეკონომიკის ზრდა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო კოვიდი, რუსული ფულის შემოდინება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ ყველაფერს ძალიან კარგად გაართვა თავი ბანკმა. დასანანია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა შემუშავებული, ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ცნობისთვის: 23 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა ვეტო დაადო „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს და თქვა, რომ "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!".
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ეწურება. კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო შეარჩევს საბჭოს მოქმედი წევრებიდან. შერჩეულ კანდიდატს ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს. საბჭო 9 წევრისგან შედგება, მათ კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი 26 თებერვალს გამოაცხადა.
ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, თანაბარი უფლებებით. გვენეტაძის წასვლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაციებით, სამი მათგანიდან ერთ-ერთი გახდებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
კანონპროექტმა კი შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.


