"ევროკავშირის ელჩი იუსტიციის სამინისტროში ბლოკის 27 წევრი ქვეყნის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს შეიტანს, რომელშიც მთავრობას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ"
27/02/2023 12:05:14 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ევროკავშირის ელჩი იუსტიციის სამინისტროში ბლოკის 27 წევრი ქვეყნის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს შეიტანს, რომელშიც მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ"
„ევროპის 27 ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვან და ადამიანს შესაძლებლობა მისცენ, რომ იმკურნალოს. რამდენიმე დღით უნგრეთმა დაიგვიანა, მაგრამ ხელი მოაწერეს. დღეს 27 ქვეყანას ხელი მოწერილი აქვს. ე.ი. ყველა გაგიჟდა, ყველა მოსყიდული გვყავს თუ როგორ?!“, - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, რა დიაგნოზებსაც საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს უსვამს, იგივე დიაგნოზებს იუსტიციის სამინისტრო და კლინიკა „ვივამედის“ მედ-პერსონალი იმეორებს.
"ჩვენთან ასეთი სურათია - ჯერ მთავრობა სვამს დიაგნოზებს, მერე იმავეს იუსტიციის მინისტრი და ექიმები იმეორებენ. ჩვენ სულელები ხომ არ ვართ?! რატომ არასოდეს ახსენებენ იმ ფაქტს, რომ აქ არის ინტოქსიკაცია?! რატომ არ ახსენებენ იმ ფაქტს, რომელიც ყველამ აღიარა? მკურნალი ექიმი იმავეს იმეორებს, რასაც ზემოთ ამბობენ, ზუსტად იმავეს, არავითარი განსხვავება არ არის".
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება:
"ყოველთვის დაბალი წნევა ჰქონდა, დღეს აქვს წნევა, რომელსაც ინსულტისკენ პირდაპირ მივყავართ. გარდა ამისა, გაუსაძლისი ფეხების ტკივილი აქვს, ორგანიზმი თავის თავს ჭამს, უკვე ძვლების განლევა დაიწყო“.


