Accentnews.ge
პრაისი: "უცხოური გავლენის აგენტობის" დაკანონებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას"

პრაისი: "უცხოური გავლენის აგენტობის" დაკანონებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას"

28/02/2023 05:46:16 პოლიტიკა

აშშ-ში ისევ ღრმა შეშფოთების საფუძველი უწოდეს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და განაცხადეს, რომ "კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".

ვაშინგტონში 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერ ნედ პრაისს ჰკითხეს, აქვთ თუ არა ამ საკითხზე კონსულტაციები თბილისთან და ხომ არ შეაფერხებს ურთიერთობებს ამ კანონპროექტის მიღება.

ნედ პრაისმა გაიმეორა თითქმის იგივე, რაც 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ამავე კანონპროექტის შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ადრეც თქვა, რომ შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ეს შეშფოთება არაერთხელ გამოხატეს საქართველოს მთავრობასთან.

ნედ პრაისის შეფასებით, ეს კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის ერთგულნი არიან. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რომელსაც ბოლო ათწლეულებია ქართველი ხალხი მკაფიოდ გამოხატავს.

ნედ პრაისმა აშკარად მცდარი უწოდა განცხადებებს, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკულ კანონებს ეფუძნება. "კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება ანალოგიურ, რუსულ და უნგრულ კანონებს და არა ამერიკულს", – დასძინა მან.

ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

27 თებერვალს "ხალხის ძალამ" პარლამენტის ბიუროს წარუდგინა რიგით მეორე კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".

კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S