ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ: „არ იყო მარტივი დისკუსია“
01/03/2023 14:25:39 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ბლოკის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შორის "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით "დისკუსია მარტივი არ იყო". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"შეშფოთება გამოითქვა არა მხოლოდ ჩემ მიერ, არამედ ელჩების მიერ, რომლებიც საქართველოში არიან. ძალიან ღია აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, განვიხილეთ დეტალები, ეს არ იყო მარტივი დისკუსია. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან და გავიმეორეთ, რომ ეს ინიციატივა არის წინააღმდეგობაში როგორც მინიმუმ, 2 რეკომენდაციასთან 12 ევრორეკომენდაციიდან", - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ევროკავშრის წარმომადგენლობა საქართველოში და ელჩები ახლოდან დააკვირდებიან პროცესს როგორ განვითარდება ამ კანონპროექტის ირგვლივ.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც.


