ბარამიძე განმარტავს, რა განსხვავებაა "აგენტების" შესახებ კანონპროექტებს შორის და რა განასხვავებს ქართულ ვარიანტს ავთენტური ამერიკული კანონისგან
01/03/2023 15:45:32 პოლიტიკა
სამართლის ექსპერტი სანდრო ბარამიძე "უცხოელი აგენტების" შესახებ პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს".
რა განსხვავებაა "აგენტების" შესახებ კანონპროექტებს შორის
სანდრო ბარამიძე განმარტავს, რა განსხვავებაა "უცხოელი აგენტების" შესახებ პარლამენტში დარეგისტრირებულ ორ კანონპროექტს შორის.
"ქოცებმა რეალურად ორი კანონი შემოაგდეს - ერთი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მეორე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. პირველს დაარქვეს „ქართული“, მეორეს კი - „ამერიკული“ ვარიანტი. როგორც ამბობენ, ორივეს გაგზავნას აპირებენ ვენეციის კომისიაში, რომლის რეკომენდაციებსაც გავითვალისწინებთო, „თუ თეთრზე შავი არ თქვესო“. ანუ, მწვანე შუქს თუ მოგვცემს ვენეციიის კომისია, მის რაღაც რეკომენდაციებს შევასრულებთო, თუ არა, მაშინ არ გვაინტერესებს, რას იტყვის ვენეციის კომისიაო. რა აზრი ჰქონდა ამ ორი კანონის ერთდროულად ინიცირებას? საქმე ის არის, რომ „გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი საშინელია, ხოლო, „აგენტების რეგისტრაციის“ კანონი - საშინელზე უარესი.
- პირველის რეგულირების სფეროში ექცევა ბევრი, მაგრამ არა ყველა (ბევრი რამ, მაგრამ არა ყველაფერი). პირველი კანონპროექტი ადმინისტრაციული ჯარიმებს ითვალისწინებს, თუმცა 25 000 ლარი არავისთვის არ არის ხურმის ფასი.
- რაც შეეხება მეორეს –„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, ის ეხება ყველას. ის ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე, იქ არ არის შეზღუდვა შემოსავლებზე. უცხოელის "თხოვნით" თუ რამეს იტყვი, უკვე ხარ აგენტი. ყველანი ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, რაღაცა "პოსტებს" და კომენტარს ვაკეთებთ, ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ თუ მოუნდათ, ჩაგთვალონ, რომ შენ ხარ უცხოელი აგენტი. თუ ამაზე რეგისტრაციაზე განცხადება არ გქონდა შეტანილი, ამისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგეკისრება. პრაქტიკულად ეს არის „ძირგამომთხრელი ანტისაბჭოთა საქმიანობის შესახებ“ საბჭოთა კანონმდებლობის გადმოთარგმნა დღევანდელ პოლიტიკურ-იურიდიულ ენაზე.
"ოცნება", თავისი ჭკუით, აშანტაჟებს ქართულ საზოგადოებასაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც, აქაოდა, „ჩვენ ქართულ“ ვარიანტს თუ არ მოგვიწონებთ, მაშინ „ამერიკულს“ მივიღებთო. სინამდვილეში, ჩემი აზრით, მათი მიზანი სწორედ საშინელზე უარესი კანონის მიღებაა, უბრალოდ ამ მიზნის დროზე ადრე გამჟღავნება მოუხდათ. თუმცა, ამ საშინელზე უარესის მიღების მიზნის უქონლობის შემთხვევაშიც კი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა უკეთესი ვერ იქნება, რადგან აშკარაა, რომ ამ ორი ბოროტებიდან თუნდაც ნაკლები ბოროტების მიღება ჩვენ ქვეყანას დიდი ხნით მოუსპობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებს", – აცხადებს ბარამიძე.
რა განასხვავებს ქართულ ვარიანტს ავთენტური ამერიკული კანონისგან
ამასთან, მან განმარტა რა განასხვავებს ავთენტურ ამერიკულ კანონს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტისგან:
"ამერიკული კანონი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act (FARA)) ითვალისწინებს იმას, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ნიადაგზე შეზღუდოს ამერიკული ინტერესებისადმი შეუსაბამო პროპაგანდა. ხოლო უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უბრალოდ დასავლური ღირებულებები ითვლება უცხოურ გავლენად. უცხო ძალაში გულისხმობენ არა მარტო უცხოურ ქვეყნებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი".
იგი ასახელებს სამ ფაქტორს, რაც მისი თქმით, "განასხვავებს ავთენტურ ამერიკულ კანონს (FARA-ს) „ქოცამერიკული“ კანონისაგან".
"ახლა მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო ქოცების ტყუილზე (გაგიკვირდებათ, მაგრამ ტყუიან), რომ თითქოს, საშინელზე უარესი კანონი „ამერიკულია“. ამერიკული კანონი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act (FARA)) მართლაც აუღიათ საფუძვლად ქოცებს, მაგრამ რაღაც-რაღაცეები რომ გადმოუწერიათ, უმნიშვნელოვანესი ნიუანსები არ გაუთვალისწინებიათ და არ გადმოუტანიათ. ყველაზე დიდი ტყუილი ხომ ის არის, რომელიც მართალს რაღაცით ჰგავს.
სამი რამაა, რაც განასხვავებს ავთენტურ ამერიკულ კანონს (FARA-ს) „ქოცამერიკული“ კანონისაგან:
- ავთენტური ამერიკული კანონი მიზნად ისახავს ამერიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ რისკების შემცველი პროპაგანდის აღკვეთას/შეზღუდვას ამერიკულ პოლიტიკურ ველზე; „ქოცამერიკული“ კანონი კი მიზნად ისახავს თავისუფალი სამყაროს საუკუნოვანი იდეების მთლიანად გამოდევნას ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსისგან;
- ავთენტური ამერიკული კანონის მოქმედების არეალი ვიწროა, მისი რეგულირების სფეროში არ ექცევა ისეთი უცხოური ელემენტი, რომელიც არათუ საფრთხეს არ უქმნის აშშ-ის თავდაცვისუნარიანობას, არამედ პირიქით, ხელს უწყობს აშშ-ის თავდაცვითი ინტერესების განხორციელებას; შესაბამისი დათქმა ავთენტურ ამერიკულ კანონში პირდაპირ არის ჩაწერილი; „ქოცამერიკული“ კანონი, რომელიც ასეთ დათქმას, ცხადია, არ შეიცავს, მიმართულია საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების (რომელთა დახმარებითაც, ასე თუ ისე, დღემდე შევინარჩუნეთ დამოუკიდებლობა) წინააღმდეგ და, რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლის წევრიც არიც საქართველო, წინააღმდეგაც; სხვა სიტყვებით, „ქოცამერიკული“ კანონის სამიზნეს ის საერთაშორისო ძალები წარმოადგენს, რომლებიც დღემდე ხელს უწყობდა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფას;
- ავთენტური ამერიკული კანონის რეპრესიული მექანიზმის ბოროტად და თითნებურად გამოყენებისგან პირს იცავს ამერიკული დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება; ქართული, ავტორიტარიზმის პირობებში კი ეს დამცავი მექანიზმები არ არსებობს და კანონი გამოყენებული იქნება ჯეროვანი სასამართლო კონტროლის უქონლობის პირობებში".
ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.
24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.
27 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა ისევ ღრმა შეშფოთების საფუძველი უწოდა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის შესახებ" და განაცხადა, რომ "კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.
27 თებერვალს "ხალხის ძალამ" პარლამენტის ბიუროს წარუდგინა რიგით მეორე კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.
მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.


