Accentnews.ge
Amnesty International და HRW – სამედიცინო დახმარებაზე უარი წამებას უთანაბრდება, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს

Amnesty International და HRW – სამედიცინო დახმარებაზე უარი წამებას უთანაბრდება, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს

02/03/2023 06:33:08 პოლიტიკა

"საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებაზე, რაც სიკვდილის სერიოზული რისკის, მუდმივი ინვალიდობისა და სხვა გარდაუვალი ზიანის წინაშე აყენებს მას", - ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების Amnesty International–ისა და Human Rights Watch (HRW)–ის მიერ 2 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასში ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ჯერაც ელოდებიან რეაგირებას ორგანიზაციების შეშფოთებაზე, რაც 2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი გაგზავნილ მათ ერთობლივ წერილშია გამოთქმული.

„მიხელ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შესაძლოა გათანაბრებულ იქნას წამებასთან და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების დამამცირებელ მოპყრობასთან და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს“, - განაცხადა Amnesty International–ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა.

„სამედიცინო დახმარებაზე წინასწარგანზრახული უარის გამო საპატიმროში სიკვდილი უთანაბრდება სიცოცხლის თვითნებურ მოსპობას, რაც ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის უნდა განიხილოს სამედიცინო მიზნით მისი გათავისუფლების საკითხი“, - ამბობს კრივოშეევი.

HRW და Amnesty International ხაზს უსვამენ ექიმების ორი დამოუკიდებელი ჯგუფის დასკვნას, რომლის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ბოლო 16 თვის განმავლობაში სააკაშვილის ჯანმრთელობას სიცოცხლისათვის საშიში რიგი სიმპტომები განუვითარდა.

"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ერთი ჯგუფის თანახმად სააკაშვილს აწუხებს ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც საფრთხე უქმნიან მის ჯანმრთელობას და საჭიროებენ ისეთ მკურნალობას, რაც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. ამას გარდა, საქართველო სახალხო დამცველთან არსებული დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების აზრით, რომლებმაც 18 თებერვალს მოინახულეს სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა მათი ბოლო ვიზიტის, 2022 წლის 19 დეკემბრის შემდეგ და შესაძლოა მალე სააკაშვილს ორგანოებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეთ", - ნათქვამია ერთობლივი განცხადებაში.

ამასთან ტექსტში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსამართლის მიერ მძიმე დაავადებული პატიმრების გათავისუფლებას, რაც ხშირად უარყოფილია.

სააკაშვილის მიერ დეკემბერში შეტანილი შუამდგომლობა სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით მისი სასჯელის გადავადების ან შეჩერების შესახებ, 6 თებერვალს უარყო თბილისის სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილებაც სააკაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

HRW და Amnesty International "შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ პატიმრის მუდმივი სამედიცინო მომსახურებისა და დაკვირვების, თუ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ შესაბამისი სამედიცინო მუშაკები, და იგი არ უნდა იყოს უარყოფილი და უგულებელყოფილი არასამედიცინო უწყებების მხრიდან".

„ციხეში პატიმრობა არ უნდა მოასწავებდეს სასიკვდილო განაჩენს, როდესაც მდგომარეობა, რომელიც განკურნებას ექვემდებარება, ტრაგიკულად ფატალური ხდება", ამბობს HRW–ის ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჰიუ უილიამსონი.

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემის ამ ასპექტის ჰუმანიზება და იგი საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს. მათ უნდა დაიწყონ ისეთი ზომები მიღებით, რომელიც უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და, აუცილებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს პატიმრობიდან ნებისმიერი იმ პირის გათავისუფლებას, რომლის საპატიმროში დარჩენა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებლად მიიჩნევა"- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S