ადვოკატთა ასოციაცია "ხალხის ძალის" კანონპროექტებს ევროინტეგრაციის დამაზიანებლად მიიჩნევს
02/03/2023 07:14:38 პოლიტიკა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უარყოფითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის ("ხალხის ძალის") - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიციირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით, რამაც საერთო ჯამში შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
"საქართველოსთვის არსებითია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, რაშიც ფასეული წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის არაერთი წევრი ადვოკატი საქმიანობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში, ჩართულია სტრატეგიულ სამართალწარმოების პროცესში და იურიდიულ დახმარებას უწევს მოწყვლად ჯგუფებს.
შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული ისეთი ტერმინის გამოყენებამ, როგორიცაა მაგალითად - "უცხოური გავლენის აგენტი", შესაძლოა ხელი შეუწყოს უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაციას, რაც გამოიწვევს ადვოკატთა თანასწორობისა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობის კანონით დადგენილი პრინციპის ხელყოფას", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ფართო საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების ძირითადი წყარო საერთაშორისო დონორების მხარდაჭერაა და კანონპროექტის მთავარ მიზნად გამჭვირვალობის გაძლიერების მითითება არასაკმარისად და არარელევანტურად მიაჩნიათ.
ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.
24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.
27 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა ისევ ღრმა შეშფოთების საფუძველი უწოდა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის შესახებ" და განაცხადა, რომ "კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.
27 თებერვალს "ხალხის ძალამ" პარლამენტის ბიუროს წარუდგინა რიგით მეორე კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.
მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.


