
რუსეთი შუა აზიაში უმსხვილეს პარტნიორს კარგავს: ყაზახეთმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადა
02/03/2023 10:36:44 ანალიზი
სანამ საქართველოს ხელისუფლება ერთი მეორეს მიყოლებით დგამს ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის დასავლეთისგან დისტანცირებასა და რუსეთისკენ შეტრიალებას იწვევს, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები საპირისპირო კურსით იწყებენ სვლას: მოსკოვის ტრადიციული პარტნიორი შუააზიური რესპუბლიკები დღეს რუსეთისგან მაქსიმალურად დისტანცირდებიან და დასავლეთთან დაახლოებას ცდილობენ.
მათ შორისაა კრემლის სამხედრო ბლოკ ОДКБ-ს („კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“) საკვანძო წევრი, პოსტსაბჭოთა სივრცესა და საკუთრივ შუა აზიაში უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ყაზახეთი. ასტანა სულ უფრო მკაფიოდ ემიჯნება რუსეთს, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ტოქსიკურ პარტნიორად და მსოფლიო განკვეთილად იქცა.
ყაზახეთს აშშ-სა და მთლიანად დასავლეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება აქვს გადაწყვეტილი, - განაცხადა ამ დღეებში პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომართ ტოკაევმა ასტანაში ჩასულ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის მსვლელობისას.
„ჩვენ მზად ვართ სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება-განვითარებისთვის“, — განაცხადა ტოკაევმა და აშშ-ის მიმართ მადლიერება გამოხატა „ყაზახეთის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის“ გამო.
პრეზიდენტის თქმით, ყაზახეთი მიესალმება „მყარ გრძელვადიან პარტნიორობას“ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, სავაჭრო და საინვესტიციო სფეროებში.
თავის მხრივ, ამერიკელმა სტუმარმა დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, ინვესტირება განახორციელოს ყაზახეთში სასარგებლო წიაღისეულის ძიება-მოპოვებაში. მეტიც, რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამინისტროს ცნობით, ვიზიტის დროს ხელი მოეწერა შესაბამის მემორანდუმს.
ტოკაევის გარდა, ბლინკენი ამ დღეებში ასტანაში სხვა შუააზიური რესპუბლიკების (ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის) ლიდერებსაც შეხვდა. დაგეგმილია მისი ვიზიტი ტაშკენტშიც.
„ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანია, განამტკიცოს თავისი გავლენა რეგიონში და დაარწმუნოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კრემლს სანქციების გვერდის ავლაში არ შეუწყონ ხელი“ - უამბო „The Wall Street Journal“-ს საკითხში ჩახედულმა ამერიკელმა ჩინოსანმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან გასული ერთი წლის განმავლობაში ტოკაევი ეწვია თურქეთს, საუდის არაბეთს, ყატარს, არაბთა გაერიანებულ საემიროებს, რათა სავაჭრო ურთიერთობები ჩამოეყალიბებინა და ინვესტიციები მიეზიდა.
ამასთანავე, ყაზახეთი ნავთობის ევროპულ ბაზარზე რუსეთის ჩანაცვლებას ცდილობს, მათ შორის - რუსული ინფრასტრუქტურის გვერდის ავლით. ნოემბერში ასტანამ განაცხადა, რომ კასპიის ზღვის გავლით, ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტს 1,5 მლნ ტონით ზრდის, სამომავლოდ კი მიწოდებების 20 მლნ ტონამდე გაზრდა აქვს დაგეგმილი.
გარდა ამისა, ყაზახეთის მთავრობამ შეთანხმება გააფორმა გერმანულ Svevind Energy Group-თან: საუბარია მსოფლიოში მწვანე წყალბადის მწარმოებელი უმსხვილესი ქარხნის მშენებლობაზე. გეგმის თანახმად, 10 წელიწადში საწარმო ახალ საწვავზე ევროპის მთელი საიმპორტო მოთხოვნის მეხუთედის დაკმაყოფილებას შეძლებს.
ვაშინგტონი ასტანის მსგავს კურსს მიესალმება და თვლის, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, აშშ-მა გაიმყაროს პოზიციები რეგიონში, რომელიც ბოლო დრომდე მჭიდროდ იყო მიბმული რუსეთს და ავითარებდა კავშირებს ჩინეთთან.
აშშ-ის ადმინისტრაცია ტოკაევის ქმედებებს ახალისებს, - უამბეს WSJ-ს ამერიკელმა ჩინოსნებმა.
ცნობისთვის: ვაშინგტონმა ხელი შეუწყო ყაზახეთის საკუთრებაში იმ რუსული ბანკების სამი ადგილობრივი ქვედანაყოფის გადაყვანას, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციების ქვეშ აღმოჩნდა.
სტატიაში გამოყენებულია "The Moscow Times"-ის მასალები
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021