სალომე სამადაშვილი: "ოპოზიციის წევრები მორიგეობით შეეცდებიან, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კომიტეტის სხდომა არ ჩაატარებინონ"
02/03/2023 12:23:21 პოლიტიკა
„ლელოს“ ერთ-ერთი წევრი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წევრები მორიგეობით შეეცდებიან, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კომიტეტის სხდომა არ ჩაატარებინონ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ.
როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ხმაურის შეწყვეტას არ აპირებენ.
„ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩების დემარში, რომლებიც მივიდნენ პაპუაშვილთან და უთხრეს, რომ ამ კანონის მიღება პირდაპირი წინააღმდეგობა იქნებოდა ჩვენი ევროპული მომავლის. აქ, ხმაურია, ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ხმაურს, სანამ შევძლებთ. „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ აქ იჯდეს, ვიდრე არ დაიღლება ყველა და არ წავა და მერე, ჩუმად გადააფორმონ ეს ქვეყანა რუსეთზე. „ქართული ოცნების“ დეპუტატები სხედან წყნარად და ელოდებიან იმას, რომ ჩვენ დავიღალოთ, წავიდეთ, მაგრამ აქ, ბევრნი ვართ. მე ძალიან ხმამაღლა არ ვყვირი იმიტომ, რომ ვიცდი, სანამ სხვები დაიღლებიან. ჩვენ მორიგეობით შევეცდებით ყველანაირად, რომ არ ჩავატარებინოთ ეს სხდომა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „ფორმულასთან“ საუბრისას.
პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომა, რომელზეც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განიხილონ, ამ დრომდე ვერ იწყება.
საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პერიოდულად გრძელდება.


