„ცხოვრებაში პირველად ვამბობ – ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, არსებობას უქმნის საფრთხეს!“
02/03/2023 15:26:13 პოლიტიკა
თავდაცვისა და საგარეო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს პროტესტის ფონზე განიხილავენ, ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს პროექტები საქართველოს სუვერენიტეტს, არსებობას უქმნის საფრთხეს.
"საბოლოო ჯამში შედეგი რაც გვექნება, იქნება ის, რაც მოხდა რუსეთში" - თქვა ბურჯანაძემ.
"ამ კანონის მთავარი მიზანი ვამბობთ, რომ არის გამჭვირვალობა. იმ პირობებში, როცა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრი რამე აქვს გასაკეთებელი და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვიდგას, ვაკეთებთ ამას. სოზარ სუბარი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით და თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს ბაზები აქვს და გამჭვირვალობის პრობლემები არ არისო..." - გიორგი ბურჯანაძეს გამოსვლა ამ ადგილას სოზარ სუბარმა შეაწყვეტინა, რომელმაც თქვა, რომ ის ტყუოდა.
"ტყუიხარ, კარგად მახსოვხარ შენ ამ შენობაში" - სოზარ სუბარს ამ ფრაზის შემდეგ დარბაზი დაატოვებინეს.
"წინა კვირაში გამოვაქვეყნეთ განცხადება, სადაც პირდაპირ მივუთითეთ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდი, სადაც არის ჩაშენებული პროგრამა, სადაც ნებისმიერი თქვენგანი ნახავს ვინ რა გრანტი მიიღო, ყველა გრანტი არის რეგისტირებული. მე მიმუშავია ისეთ ორგანიზაციაშიც, რომელიც გრანტს გასცემდა და ისეთშიც, რომელიც გრანტს იღებდა, ორივე შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცი, რომ ყველა გრანტი აღირიცხება. ფინანსთა სამინისტრომ ეს ყველაფერი იცის.
ჩვენ არარსებული პრობლემიდან ვქმნით პრობლემას და ვქმნით კანონს, რომლითაც ვიღაცებს ვარქმევთ აგენტებს. მივიღებთ იმას, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ქვეყანაში საქმიანობდნენ, დაიკეტებიან. ის დონორები, რომლებიც ფულს ამ ქვეყანაში რიცხავდნენ, დაიკეტებიან და ერთი შეხედვით ვითომ ამერიკულ კანონს ვთარგმნით, მაგრამ დღეს ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც მთავარ კონტრიბუტორს და მთავარ პარტნიორს ვეუბნებით, თქვენს დაფინანსებულ ყველა ადამიანს აგენტს დავრქმევთ. ეს ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ, ევროკავშირის 27 ქვეყანა გვეუბნება, არ მიიღოთ ეს კანონიო. ევროკავშირის სასამართლომ ანალოგიური უნგრული კანონი გააუქმა, უამრავი არგუმენტი დადო, თქვა, რომ ამ კანონს უამრავი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს" - თქვა გიორგი ბურჯანაძემ.
მისი თქმით, „კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“.
„არაერთხელ მოვსულვარ პარლამენტში და კრიტიკული პოზიცია დამიფიქსირებია კანონპროექტზე, მითქვამს, რომ რაღაც პრობლემურია, დასახვეწია, არაკონსტიტუციურია, მაგრამ დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველად, მოსული ვარ და ვამბობ, რომ ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, არსებობას უქმნის საფრთხეს! აღელვებული იმიტომ ვარ, რომ ამაზე დიდი საფრთხის შემცველი არაფერი მგონია, არსებობდეს ამ ეტაპზე საქართველოში! ერთი შეხედვით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით შემოტანილი კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თუ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ბორელი გვეუბნება, რომ არ უნდა მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ. თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთო - თუ გვეტყვიან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან.
ცნობისთვის: მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზგასმით განაცხადა, რომ პროექტი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მინიმუმ, ორ რეკომენდაციასთან.


