სახდეპი – „აგენტების“ კანონპროექტზე: "ვინც ხმას მისცემს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებაზე იქნება პასუხისმგებელი"
02/03/2023 20:31:10 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე კიდე ერთხელ გაიმეორა, რომ ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებაზე იქნება პასუხისმგებელი.
“ამ თემასთან დაკავშირებით თანმიმდევრული შეშფოთება გამოვხატეთ. ეს კანონი ჯერ კიდევ გადის საქართველოს სისტემაში მიღების პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვრჩებით “უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ წარდგენილი კანონით. ზუსტად კი იმიტომ, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს, ვისაც თანამოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურთ.
ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონის პოტენციური შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხრივ. ჩვენი აზრი ძალიან მარტივია და ეს აზრი საჯაროდაც და პირად დონეზეც გავაჟღერეთ - ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებაზე იქნება პასუხისმგებელი. ასეთი კანონი არ შეესაბამება მისწრაფებებს, რომლებსაც ქართველ ხალხი ათწლეულების განმავლობაში გამოხატავს“,– განაცხადა ნედ პრაისმა.
მან აღნიშნა, რომ მსგავს შენიშვნებს მხოლოდ აშშ არ გამოთქვამს:
„რამდენიმე სხვა პარტნიორმა ქვეყანამ, ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ყველამ შეშფოთების მკაცრი განცხადებები გაავრცელეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით”.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სიცრუეა, თითქოს ეს კანონი ამერიკულს ეფუძნება:
“ბევრი პროპაგანდა იყო ამ კანონთან დაკავშირებით, თქვენ ერთი ასეთი სიცრუე ახსენეთ - წარმოდგენა, თითქოს ეს კანონი ჩვენს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” (FARA) ეფუძვნება.
ჩვენი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” მოითხოვს ხალხისგან, რომლებიც უცხოეთის მთავრობების აგენტები არიან, რომ ასეთებად დარეგისტრიდნენ. ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქიანობას ან დაფინანსების წყაროებს. FARA-სთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები შეგვიძლია მოაგაწოდოთ, თუ გამოგადგებათ.
FARA ძალიან ვიწროა, შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”.
დღეს საქარველოს პარლამენტში მწვავე პროტესტის ფონზე განიხილეს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები „აგენტების“ შესახებ. ორმა კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. პარლამენტი საკითხს სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაუბრნდება.


