Accentnews.ge
მამუკა ხაზარაძე: "ახლა გაბუტვების დრო დამთავრდა, საქართველოს სერიოზული საფრთხე ემუქრება"

მამუკა ხაზარაძე: "ახლა გაბუტვების დრო დამთავრდა, საქართველოს სერიოზული საფრთხე ემუქრება"

03/03/2023 10:38:35 პოლიტიკა

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია მხარს დაუჭერს პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ჩაგდებას.

როგორც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, იმ დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ რუსულ კანონპროექტს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს, კოორდინირებულად საზოგადოებრივ ძალებთან ერთად მასშტაბურ საპროტესტო აქციები დაიწყება.

"საქართველოში, როგორც არასდროს კრიტიკული მომენტია, სად იქნება ჩვენი ქვეყანა ხვალ. მინდა გითხრათ, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა, რათა არ დავუშვათ საქართველოს აცდენა მისი ისტორიული არჩევანიდან, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

მეორე - ამ მიზნით, „ლელო“ აქტიურ თანამშრომლობას იწყებს ქართულ საზოგადოებასთან, ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ამ ამოცანას იზიარებს.

მესამე - „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კანონის ჩაგდებას და ჯდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში.

მეოთხე - „ლელოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ინტენსიური მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან, და მედიასაშუალებებთან, რათა ყველა მოქმედების კოორდინირება მოხდეს.

ახლა გაბუტვების დრო დამთავრდა. საქართველოს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

მეხუთე- ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც კონკრეტულად გავაჟღერებ მოთხოვნებს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კანონპროექტს დაუჭერს მხარს იქნას ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ გატარებული", – აცხადებს ხაზარაძე.

გუშინ პროტესტის მიუხედავად, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ როგორც კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, პირველ მოსმენით კანონპროექტებს პრინციპების დონეზე უჭერენ მხარს, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მოხდება.

კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ასევე, ქუჩაში აპროტესტებდნენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ. პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე კი პოლიციელებმა მომიტინგეები დააკავეს.

კანონის მოწინააღმდეგეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს.

ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.

27 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა ისევ ღრმა შეშფოთების საფუძველი უწოდა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის შესახებ" და განაცხადა, რომ "კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

27 თებერვალს "ხალხის ძალამ" პარლამენტის ბიუროს წარუდგინა რიგით მეორე კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".

კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S