"როდესაც ხელისუფლება დღისით, მზისით, მოურიდებლად თავზე გვახევს კონსტიტუციას, მოქალაქეების უფლება და მოვალეობაა გავწიოთ წინააღმდეგობა"
03/03/2023 18:36:17 პოლიტიკა
როდესაც ხელისუფლება დღისით, მზისით, მოურიდებლად თავზე გვახევს კონსტიტუციას, მოქალაქეების უფლება და მოვალეობაა გავწიოთ წინააღმდეგობა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, წინააღმდეგობა უნდა იყოს მრავალფუნქციური და ეს წინააღმდეგობა უნდა იყოს ყველა სივრცეში, სადაც სახელმწიფოა.
„წინააღმდეგობაში არ არის არაფერი არაკონსტიტუციური და არადემოკრატიული. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც გვინდა, რომ ეს ქვეყანა შენარჩუნდეს როგორც დემოკრატია, სადაც თავისუფალ ადამიანებს დაედგომებათ, სადაც რუსეთისგან განსხვავებით ჟურნალისტებს არ კლავენ, არ წამლავენ ან აიძულებენ ქვეყანა დატოვონ, ასეთ ადამიანებს გვაქვს უფლებაც და ვალდებულებაც, რომ ამ რუსულ კანონს და მის შედეგებს, რომელიც ვიცით უკვე რუსეთში როგორი იყო, გავუწიოთ წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა უნდა იყოს მრავალფუნქციური, ეს წინააღმდეგობა უნდა იყოს პარლამენტშიც და ყველა სივრცეში, სადაც არის სახელმწიფო“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვის დროს პარლამენტში მოხდა ბუნებრივი რეაქცია იყო და „შვილს რომ თვალწინ აცლიან დედას, ხმის ტონს არ უკრიტიკებენ“.
„ჩვენს წინააღმდეგობას აზრიც ჰქონდა, ღირებულებაც და დატვირთვაც. ეს იყო ერთადერთ სწორი მოქმედება. მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც შეიძლება რაღაც არ მოსწონდეს. არც მე და თეონა აქუბარდიას მოგვწონდა იმ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ეს ხომ რეაქციაა?! თუ არ ვისაუბრებთ იმაზე, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ „რამ გადარია ეს მშვიდი ხალხი?“, მაგრამ შვილს რომ თვალწინ აცლიან დედას, ვინმე ხმის ტონს გაუკრიტიკებს? იტყვიან, რომ ძალიან ხმამაღლა კივის ეს ქალი?“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


