საქართველოს პარლამენტში "დაშვების შეზღუდული რეჟიმია"
06/03/2023 05:26:06 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის შენობაში „დაშვების შეზღუდული რეჟიმია“. დღეს კომიტეტის დონეზე უნდა გაგრძელდეს მწვავე პროტესტის გამომწვევი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტების განხილვა.
პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, შეზღუდვა, რომლის „მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, არ შეეხება "აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს".
„პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესების ამოქმედება, ძირითადად, იმ შემთხვევებში ხდება, თუ პარლამენტში განიხილება მწვავე პროტესტის გამომწვევი საკითხები.
დღეს დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომლებიც ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენელთა მწვავე პროტესტს იწვევს. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.
საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს: სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, გურამ მაჭარაშვილს, დაჩი ბერაიას და ვიქტორ ჯაფარიძეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 09:30 საათზე დანიშნული სხდომის პარალელურად დაგეგმილია საპროტესტო აქცია.


