იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა
06/03/2023 06:25:18 პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა, რამაც ვაშაძის და ენმ–ის წევრის ანა წითლიძის პროტესტი გამოიწვია. კამათში ჩაერთო ენმ–ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც.
"ბატონო, გიორგი, სახე გააკონტროლეთ. შენობით არ მოგმართავთ, როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს, ისე მოიქეცით. შენობით მიმართეთ, ბატონო გიორგი, ვისთვისაც მიგიმართავთ. პროცედურას როგორც შეეფერება, ურთიერთობას და ეტიკეტს, ისე მოიქეცით! შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი სახლში. აქ, ასე, შენ როგორც გინდა ვერ მოიქცევი! მანდატურს ვთხოვ უზრუნველყონ წესრიგი. ანა წითლიძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი არღვევენ რეგლამენტს!", - თქვა იურიდიულ საკითხებში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მოხდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მანდატურებმა კომიტეტის დარბაზიდან გაიყვანეს.
ამ წუთებში სხდომა აღარ მიმდინარეობს.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.


