სამნიძე: "ეს არ არის კომიტეტის განხილვა, ეს არის სპეცოპერაცია"
06/03/2023 07:01:40 პოლიტიკა
"ეს არ არის კომიტეტის განხილვა, ეს არის სპეცოპერაცია", – ამის შესახებ განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, რომელიც იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს.
მისი თქმით, "ბიძინას დავალებაა, რომ ეს კანონპროექტი აქციონ კანონად".
"ისხდნენ მარტო "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გახევებული სახეებით და მოუსმინონ მაჭარაშვილს, რომელიც ქვეყანას მოღალატეობრივად ატრიალებს რუსეთისკენ. ეს არ არის განხილვა, არც თავდაცვის კომიტეტზე იყო განხილვა და საგარეო კომიტეტზე იყო სპეცოპერაცია. ეს იყო გაცილებით სერიოზულად მომზადებული სპეცოპერაცია, მთელი სუს–ი აქ დგას, გარეთ, შიგნით, მანდატურია იმდენი რაოდენობის, რომ სრულიად ალყაში გაქცევენ და ისე გაძევებენ კომიტეტიდან. ეს არ არის კომიტეტის განხილვა, ეს არის ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, რომ საზოგადოებას უკვე პარლამენტიდან აჩვენონ, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, აქ არ არის მრავალპარტიულობა ან დისკუსია, ერთპარტიული გადაწყვეტილებაა, ბიძინას დავალებაა, რომ ეს კანონპროექტი აქციონ კანონად", – აცხადებს სამნიძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.
მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.


