Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი - ძალიან გთხოვთ, მოდით მეტნი პარლამენტთან და მეტად იხმაურეთ!

ანა ნაცვლიშვილი - ძალიან გთხოვთ, მოდით მეტნი პარლამენტთან და მეტად იხმაურეთ!

06/03/2023 08:29:22 პოლიტიკა

"თქვენ ხედავთ უსაფრთხოების სამსახურებით გარშემორტყმულ სხდომას და ხედავთ, რომ მანდატურებს ემუქრებიან სამსახურების დატოვებით თუ არ გაგვაძევებენ", - ეს განცხადება პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ, რაც მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინეს, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტი განიხილება.

ანა ნაცვლიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს პარლამენტთან და აღნიშნა, რომ კომიტეტზე მსხდომ უმრავლესობის დეპუტატებს ეშინიათ იმ ხმაურის, რომელსაც პროტესტის მონაწილეები პარლამენტის გარეთ იწვევენ.

„ვეხმიანები იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის წინ დგანან, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და ძალიან გთხოვთ, მეტნი მოდით! ამათ ეშინიათ, როდესაც თქვენი ხმა შემოდის დარბაზში. ძალიან გთხოვთ, მოდით მეტნი პარლამენტთან და მეტად იხმაურეთ! ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მაგრამ ერთობა იქნება გადამწყვეტი ამ ბრძოლაში“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე აშკარად გამოიკვეთა, რომ უმრავლესობის წევრებს აღიზიანებთ კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას უზრუნველყოფს.

"მე ჩემი გამოსვლა დავიწყე კონსტიტუციის 78-ე მუხლით და უკან, მანამდე შედარებით წყნარად მჯდომმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და ე.წ ფოსტალიონთა ჯგუფის წარმომადგენლებმა, ეკა სეფაშვილმა და სხვებმა, უკნიდან მომაძახეს რამდენჯერ უნდა ახსენონ ეს 78-ე მუხლიო. ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური გარანტია და ეს არის, რაც აღიზიანებთ და რასაც ებრძვიან, მათ შორის, ამ კანონით და ამას უკვე ვეღარ მალავენ, ღიად თქვეს რომ 78-ე მუხლია, რომელსაც გამოჰყავს ეს ადამიანები წყობიდან. ვერ წაშლით! მე პარლამენტის შენობაში ვრჩები და ყველა ფორმატში გვექნება ამ კანონზე წინააღმდეგობა“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S