პლატფორმა – ამერიკულ კანონში აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება პარტნიორებზე არ ვრცელდება, რაც თარგმანში გამოტოვეს
06/03/2023 08:57:21 პოლიტიკა
"საქართველოს ეროვნული პლატფორმა" აცხადებს, რომ ე.წ. “ამერიკული კანონის“ ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის პარაგრაფ 613 – ის (გამონაკლისები/ EXEMPTIONS) კონკრეტული და "ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი "f". მისი თქმით, ამერიკულ კანონის (FARA) ამ პუნქტში წერია, რომ ქვეყნის პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება.
პლატფორმის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ეს გარემოება კანონპროექტის დეტალურად შესწავლის შედეგად აღმოაჩინეს:
"აღნიშნული პუნქტის მიხედვით აშშ-ს პრეზიდენტი ადგენს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, როგორც პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება.
ნორმის შეგნებული გამოტოვებით პრინციპულად იცვლება შინაარსი. უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ე.წ. ამერიკული კანონი ვრცელდება პარტნიორ ქვეყნებზეც, რაც ქმნის ერთგვაროვან მიდგომას მტრულად განწყობილი და მოკავშირე ქვეყნების მიმართ.
ეს განზრახ დამახინჯება ავთენტური ამერიკული კანონისა აზიანებს საქართველოს ურთიერთობას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ამ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღება!".
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ამ საკითხზე კითხვა დასვა პროფესორმა ლაშა ტუღუშმა და კანონპროექტის ავტორებს მიმართა, რომ ამ მუხლის შეცვლით, მათ პრინციპულად შეცვალეს ამერიკული კანონის (FARA) კონცეფცია.
"ამიტომაც არის ეს შეფასებები, რომ ეს არაა ამერიკული კანონი. იმ ხალხმა ვინც გამოვიდა, გითხრათ, ჩვენც წავიკითხეთ და გეუბნებით, რომ ეს არაა ამერიკული კანონი. რატომ ამოიღეთ ეს პუნქტი, რომელმაც რეალურად თავდაყირა დააყენა ამერიკული კანონი?", - იკითხა ლაშა ტუღუშმა.
მანამდე, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონი, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის განმარტებით ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს წარმოადგენს, არასწორად აიდენტიფიცირებს საფრთხეებს და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსაც, მათ შორის მათ, ვინც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებაში ეხმარება საქართველოს, საფრთხედ მიიჩნევს.


