Accentnews.ge
აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს

აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს

06/03/2023 09:11:18 პოლიტიკა

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდეს, მხარი არ დაუჭირონ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს.

აქციის მონაწილეებმა საჯაროდ წაიკითხეს მიმართვა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების - რესან კონცელიძის, ანზორ ბოლქვაძის და ზაალ მიქელაძის - მისამართით.

"თქვენ წარმოადგენთ რეგიონის ხმას საქართველოს პარლამენტში და გვინდა ჩვენი მოსაზრებებიც გაახმოვანოთ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდეთ და არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ შეაჩეროთ ქვეყნის განვითარება, არ შეუქმნათ საფრთხე საქართველოს ევროპულ მომავალს. ნუ დაეხმარებით ქვეყანაში სამოქალაქო სექტორისა და მედიის ჩარჩოებში მოქცევას, უამრავი ადამიანის დახმარების გარეშე დარჩენას, დემოკრატიული წინსვლის შეფერხებას. ეს კანონი შეეხება აბსოლუტურად ყველას, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ყველა მიმართულებით, ეს იქნებიან ბავშვები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მეცნიერები, დევნილები, უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანები, უსახლკაროები, მოხუცები, მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლები, სტუდენტები და სხვა ბევრი", - აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.

მათი თქმით, პრობლემების გამხმოვანებლები კი დიდწილად დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არიან, რომლებიც ასევე დონორების დაფინანსებით ახერხებენ მუშაობას:

"თუ ამ ქვეყანაში რამე კარგი კეთდება, ეს მხოლოდ უცხოური ფონდების და დაფინანსების დახმარებით. კანონი კი ემყარება ცრუ ნარატივს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს უცხოურ აგენტებად წარმოაჩენს, როცა სინამდვილეში ყველაზე მეტად ეს სექტორები მუშაობენ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაზე".

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S