"ჩვენ მოვუწოდებთ და ვთხოვთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, ის არ არის საჭირო და არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს"
06/03/2023 10:23:55 პოლიტიკა
საქართევლოში აშშ–ის ელჩ კელი დეგანანის განცხადებით, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი საქართევლოს არ სჭირდება.
იგი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა ისედაც არ დგას და კანონი საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ჯგუფებზე დამანგრეველ გავლენას იქონიებს.
"ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ მთავრობას არ მიიღოს ეს კანონპროექტი. აშშ–მა, გაერომ, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ - საქართველოს ბევრმა მეგობარმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას მოახდენს, რომელიც სავარაუდოდ გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და ჩაახშობს ხმებს, ისევე, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში. ასე რომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, მისი მიღება არ არის აუცილებელი, რადგანაც ისედაც არსებობს გამჭვირვალობა იმ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გამოიყენება. ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად. ეს კანონი არ არის საჭირო და ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, ვთხოვთ, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, ის არ არის საჭირო და ის არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“, – განაცხადა ელჩმა.
დღეს დილიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავს კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ.
მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.


