"საოკუპაციო ხაზთან ნებისმიერი არასამთავრობო სექტორის მუშაობის დაფინანსებას ერთხმად ყველა მივესალმებით და იმ დონორისთვის ეს იქნება საფუძველი"
06/03/2023 12:53:23 პოლიტიკა
"ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, ეს იქნება საოკუპაციო ხაზთან მომუშავე თუ სხვა, არანაირი აკრძალვა, შეზღუდვა არ ეხება", – ასე უპასუხა "აგენტების შესახებ" კანონპროექტების თანაავტორმა გურამ მაჭარაშვილმა დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელიც დაინტერესდა რა პასუხს გასცემს იგი საოკუპაციო ხაზთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
"საოკუპაციო ხაზთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ცალკე ნუ გამოყოფთ, ეს ძალიან სენსიტიური თემაა. პირიქით, ისეთი არასამთავრობო სექტორი, რომელიც მუშაობს შშმ პირებზე, განსაკუთრებით, რაც თქვენ თქვით, პირიქით, ქართული საზოგადოება – ჩვენ ყველანი ამას მივესალმებით და ის დონორიც გაიგებს ამას, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი საქმე. ეს არ შეწყდება. როგორ გგონიათ დონორი ორგანიზაცია იმ საზოგადოებაში დააფინანსებს, სადაც ხედავს რომ არ უფასებენ და ამბობენ რომ არასწორია? რა თქმა უნდა, – არა. დონორისთვის ეს იქნება სიგნალი, რომ შშმ პირები იქნება თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტების დაფინანსება, თუ საოკუპაციო ხაზთან ნებისმიერი არასამთავრობო სექტორის მუშაობის დაფინანსება, ერთხმად ყველა მივესალმებით და იმ დონორისთვის ეს იქნება საფუძველი [დაფინანსების]", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მანამდე აქუბარდიამ კანონპროექტის ერთ–ერთ ავტორს რამდენიმე კითხვით მიმართა.
"მაშინ, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში საკმაოდ მედგრად იბრძვის აფხაზური საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ და ისინი არგუმენტად ამბობენ, რომ ეს კანონი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის საკითხს ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენ რომ აქ პირველი რესპუბლიკის დარბაზში ვსხედვართ და ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო, რაც მთავარია, დამოუკიდებელი ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რითი აუხსნით აფხაზებს, რომლებიც იბრძვიან იმისათვის, რომ რუსული კანონის ასლი არ მიიღონ იმას, რომ დამოუკიდებელი თბილისი იღებს იმ კანონს, როცა ოკუპირებული აფხაზეთი ამას უპირისპირდება. ან რა პასუხს აძლევთ მაგალითად, ლია ჩლაჩიძეს, რომელიც ერგნეთში ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან. მან დანგრეული სახლი სწორედ დასავლური გრანტებით გაარემონტა და იქ აქვს ოკუპაციის მუზეუმი. რას ეტყვით მაგალითად, იოლა ხარაშვილს, რომელიც წლებია, საოკუპაციო ხაზთან ეხმარება ქალებს რომლებიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, ხშირად უყურადღებოდ არიან ხელისუფლების მხრიდან და მათ ეხმარებათ დასავლური გრანტები. როგორ ფიქრობთ ამ ვითარებაში ეს ყველაფერი აძლიერებს თუ ასუსტებს რუსეთის ინტერესს? ამ კანონპროექტებით აზიანებთ თუ არა საქართველოს დეკლარირებულ ეროვნულ ინტერესს? ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხავზე პასუხი იმიტომ, რომ აინტერესებთ მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან თუ ეს ამ პარლამენტმა მიიღო, მათთვის კიდე უფრო უარესი მდგომარეობა იქნება რუსული ოკუპაციის და ანექსიის პროცესის მიმართ, რომელზეც "ქართული ოცნება" სამწუხაროდ არის გაჩუმებული და ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინე ვერც ერთს, რომ ბიჭვინთის ანექსია არის უკანონო", – განაცხადა აქუბარდიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.
მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.


