სამადაშვილი: "ხვალ 10:00 საათზეც საჭირო იქნება აქტიურობა"
06/03/2023 13:12:48 პოლიტიკა
პარლამენტში ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის ერთობლივ ბრიფინგზე „ლელოს" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ დღეს, 18:00 საათზე კონსულტაციები გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ოპოზიციის მონაწილეობით.
„ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით აქ, 10:00 საათზე, მაგრამ ვისაც შეუძლია, მნიშვნელოვანია, ძალიან, რომ ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგოს იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ჩვენი ევროპული მომავლის წართმევა ქართველი ხალხისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ რომ მივიღოთ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწყებულ პროცესში, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა. ამიტომ დღეს, 6 საათზე გაიმართება მნიშვნელოვანი კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის და პოლიტიკური ოპოზიციის თანამონაწილეობით. ჩვენ ერთობლივად შევაჯერებთ შემდგომ სამოქმედო გეგმას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დღეს დილიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავს კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ.
მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.


