გამყრელიძე – "აგენტების" კანონპროექტებზე: "საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას"
06/03/2023 13:20:24 პოლიტიკა
„საქართველოს პარლამენტი წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ“ მიუხედავად მმართველი გუნდის წევრების განცხადებებისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონს. ამის შესახებ მან ღინისძიებაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან, რომელზეც აშშ–ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები ჯამდებოდა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ჟურნალისტებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ თამარ გაბუნიას ჰკითხეს კანონპროექტების შესახებ, თუმცა მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონს, რადგან ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ჩვენს ისტორიულ სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი – შევიდეთ ევროკავშირში და გვქონდეს ნატოს ფარი. ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს ამ სწრაფვას. ამიტომ, ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოს პარლამენტი წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ“,– განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, „ყველა ჩვენი მეგობარი ძალიან დელიკატურად გვირჩევს, რომ არ არის ამ კანონის მიღების საჭიროება“.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დღეს პროტესტის ფონზე განიხილავს „აგენტების“ შესახებ პროექტს. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი.


