კახა გოგოლაშვილი – „აგენტების“ კანონპროექტზე:„გაიტანეთ გრენლანდია! ეს თავში დაეცემა საზოგადოებას!“
06/03/2023 14:36:52 პოლიტიკა
რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ცდილობდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის აეხსნა, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ე.წ აგენტების შესახებ კანონი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოუტანოს ამან საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას.
„მე, შეცვლას არ გთავაზობთ, მე გთავაზობთ, გაიტანოთ ეს, „გაიტანეთ გრენლანდია! ეს თავში დაეცემა საზოგადოებას!“,– თქვა გოგოლაშვილმა.
კახა გოგოლაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ ორ საკითხს მიაქციონ ყურადღება.
„აბსოლუტურად მიუღებელია 20%-ის და რაღაცის განსაზღვრა, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის კანონებში მთავარი არის, ვასრულებ თუ არა მე პატრონის დაკვეთას. ამერიკულ კანონში წერია: ან მთლიანად ფინანსდება ან უმეტესადო. ხომ იცით, ამერიკული კანონი კარგად? იცით, რომ იქ ასე წერია, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი ეს კი არ არის, მთავარი კრიტერიუმია - შენ ასრულებ პოლიტიკურ დავალებას შენი პატრონის, რომელიც უცხოეთშია“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისი განმარტებით, აქ არის საუბარი იმაზე, რომ არასწორია პრინციპი არაკომერციული ორგანიზაციების „რაღაც რეესტრში შეყვანის და მასზე მონიტორინგის დაწესების შესახებ":
„იმიტომ, რომ ის თურმე რომელიღაცა უცხო ქვეყნის ან უცხო ძალის აგენტია, სინამდვილეში ეს ძალა არ არსებობს. გაბნეულია სადღაც სივრცესა და დროში. ამ მიდგომის ფილოსოფია აბსოლუტურად არასწორია. მეორე - ის, რომ არასამთავრობო სექტორი და მედია სექტორია მხოლოდ დაფარული და რატომღაც საქველმოქმედო ორგანიზაციები არ არის დაფარული თქვენს პირველ პროექტში, ამ დროს რამდენი შემთხვევაა მსოფლიოში, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციები აწარმოებენ ათასგვარ შავ ოპერაციებს“.


