მელია: „ისტორიულ არჩევანს ახლა თუ ვერ იცავ, მომავალში ასარჩევი აღარაფერი დაგრჩება“
06/03/2023 15:03:26 პოლიტიკა
ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ. ისტორიულ არჩევანს ახლა თუ ვერ იცავ, მომავალში ასარჩევი აღარაფერი დაგრჩება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლების შეხვედრამდე, სადაც სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ევროპისკენ სვლა არის საქართველოს ისტორიული არჩევანი. ჩვენ ყოველთვის დავმდგარვართ მტკივნეული დილემის წინაშე: თავისუფლება თუ მორჩილება და ქართველი ხალხის სასახელოდ უნდა თქვას, რომ ყოველთვის არჩევანი გაკეთებულა თავისუფლების სასარგებლოდ და დღესაც საზოგადოება ამბობს, რომ დიახ, არჩევანს ვაკეთებთ თავისუფლების სასარგებლოდ.
ახლა ყველანი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ. ხოლო როდესაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ისტორიული არჩევანის გარანტირებულად წესრიგში მოყვანას, სუვერენიტეტს საფრთხე აღარ დაემუქრება, შემდეგ გავაკეთებთ სხვადასხვა ტიპის არჩევანს, მოქალაქე ხმას მისცემს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, ხოლო ახლა ისტორიულ არჩევანს თუ ვერ იცავ, მომავალში ასარჩევი არაფერი აღარ დაგრჩება. იქნება ეს პოლიტიკოსი, აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელი თუ გუშინდელი პასიური მოქალაქე, რომელიც საკუთარ ნებას გამოხატავდა მხოლოდ არჩევნებზე მისვლით, დღეს ასეთი უკანასკნელი მოქალაქეც კი უნდა გადაიქცეს აქტიურ მოქალაქედ და ასეთ შემთხვევაში კომუნიზმი და ძალიან მძიმე, ვერაგი დიქტატორები დამარცხებულან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.


