ბერლინის მერი: მინდა, რომ ქართველებმა, საქართველოდან ჩამოსულმა სტუმრებმა ბერლინში თავი სახლში იგრძნონ
06/03/2023 17:32:50 პოლიტიკა
გულწრფელად მივესალმები ჩვენს სტუმრებს საქართველოდან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების პარტნიორი ქვეყანა. განსაკუთრებით მოგესალმებით თქვენ, ბატონო ირაკლი, – ამის შესახებ ბერლინის მერმა, ფრანცისკა გიფაიმ ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის მასპინძელიც საქართველოა.
ბერლინის მერის თქმით, საქართველოსა და ბერლინს ძალიან ბევრი მსგავსება აქვთ.
„ჩვენ ურთიერთობის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ისტორია გაგვაჩნია. საქართველო იყო განსაკუთრებული სტუმარი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. ახლა მაქვს საშუალება, რომ ამ საოცარ ქვეყანას კიდევ ერთხელ გავეცნო და ამის ძალიან დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს. მინდა, რომ ქართველებმა, საქართველოდან ჩამოსულმა სტუმრებმა ბერლინში თავი სახლში იგრძნონ, ჩვენ ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისეთი თვალწარმტაცი, მთიანი ბუნება გვაქვს, რაც საქართველოშია“, – განაცხადა გიფაიმ.


