პრემიერი: ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს
06/03/2023 18:38:31 პოლიტიკა
ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიით, კულტურით, ჩვენი წარსულისთა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ, დღე როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით, რომ ევროპაში მასპინძლები ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის ოფიციალური მასპინძელიც საქართველოა.
"დღეს განსაკუთრებული როლი გვერგო, ჩვენ სტუმრად ვართ ევროპაში და ამავდროულად გმასპინძლობთ საქართველოს სახელით, ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია. მადლობას ვუხდით როგორც ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას, ასევე გერმანიის მთავრობას. ასევე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენთან ყოფნისთვის, იმიტომ რომ საქართველო ისწრაფვის ევროპული ოჯახის წევრობისკენ. ჩვენი მდიდარი და უნიკალური ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველო დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ ევროპაში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, რომელიც მობრძანდება ჩვენს ქვეყანაში და დღეს საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ყველა იმ გამოწვევის მიუხედავად, უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი რუსეთის მხრიდან გაუმართლებელი ომის მიუხედავად.
საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად, ევროკავშირის სრულფასოვან წევრად შედგომისთვის. დღეს როდესაც ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს ვყოფილვართ. ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიით, კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ, დღე როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით, რომ ევროპაში მასპინძლები ვართ" - განაცხადა ღარიბაშვილმა.


