"აგენტების" შესახებ კანონპრეოქტებს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავენ
06/03/2023 18:48:00 პოლიტიკა
"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, "აგენტების" შესახებ კანონპროექტი 9 მარტს განიხილება.
„ცხელი დღეები გვქონდა ამ დღეებში და როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტების მოქმედებებიდან გამომდინარე, ასეთივე კვირა გვექნება. ხვალ ასეთი დღის წესრიგი გვექნება: პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, შემდეგ განვიხილავთ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონს და სხვა მიმდინარე კანონპროექტებს. რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონს, ორივე კანონს ვგულისხმობ, ალბათ, ამისათვის ჩვენ მთელი დღე დაგვჭირდება და ხუთშაბათი გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით"- განაცხადა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
6 მარტს, დილიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქცია გაიმართება 7 მარს, 09:00 საათზეც.
კანონის არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.


