გერმანელი მინისტრი: „რუსეთმა რაც საქართველოში გააკეთა, ალბათ ნიშანი იყო, რომ რუსეთის ლიდერი ტირანად იქცა“
06/03/2023 19:31:44 პოლიტიკა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომაც განიცადა იგივე.
მისი თქმით, „დღევანდელი პრობლემები, რაც უკრაინაში ხდება, დაიწყო საქართველოში“.
გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ „რუსეთმა რაც საქართველოში გააკეთა, ალბათ ნიშანი იყო, რომ რუსეთის ლიდერი ტირანად იქცა“.
„დაბრუნდა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა. მსოფლიო კიდევ ერთხელ გაერთიანდა და სწორი მიმართულებით შევიკრიბეთ. აღვნიშნავთ ამ განსაკუთრებულ დღეს. ეს ღონისძიება არის ხელმისაწვდომი 180–ზე მეტი ქვეყნისთვის. ბევრი რეგიონია წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე. ჯერ ისევ კოვიდის ეფექტს ვიშუშებდით, როდესაც ახალი გამოწვევის სახით გამოჩნდა სამხედრო აგრესია. მე ვუსმენდი გამოსვლებს და საქართველოში რომ ვიმოგზაურე, ამაზე მოგვიანებით კიდევ ვიტყვი, იცით რა მახსოვს? მე მგონი კოვიდის პერიოდი იყო, 2008 წლის მოვლენები გავიხსე. მე ვიცი, რომ საქართველომაც განიცადა ის, რაც უკრაინას უდგას ახლა წინ. თქვენს ქვეყანაში 4 წლის წინ ვიმყოფებოდი და ძალიან შორეული წარსული მეგონა, არადა დაბრუნდა მსოფლიოში იგივე აგრესია. უნდა გავიაზროთ ეს მოვლენები! როდესაც ვიაზრებთ, რუსეთმა რაც გააკეთა საქართველოში, ალბათ იყო ის ნიშანი, რომელმაც აჩვენა, რომ რუსეთის ლიდერი იქცა ტირანად. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ დღევანდელი პრობლემები, რაც უკრაინაში ხდება, დაიწყო საქართველოში“,– თქვა მინისტრმა.
ასევე შეეხო საქართველოს უშუალოდ ტურიზმის კონტექსტშიც:
„მინდა, დავუბრუნდე საქართველოს საკითხს, ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს წლევანდელ ღონისძიებაზე. უკვე ვახსენე, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, როცა გავიგე ქართული ფრაზები ჩემი კოლეგისგან, გამახსენდა ის ტკბილი ჟღერადობა. ძალიან ლამაზი დამწერლობაც გაქვთ, შეუძლებელია მისი წაკითხვა უცხოელისთვის, მაგრამ ძალიან ლამაზია”.


