საქართველოს პრეზიდენტი – გაეროს გენმდივანს: "დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს"
07/03/2023 05:52:35 პოლიტიკა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ნიუ იორკში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა გაეროს გენმდივანთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა.
"რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა. დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის პერიოდში მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა.
"ანტონიუ გუტერეშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გაერო-ს სხვადადხვა ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური თანამშრომლობა მის დამოკიდებულებაში ვლინდება, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული. საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ქალთა გაძლიერება საქართველოს განვითარების უმნიშვნრლოვანესი ელემენტია“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


