პარლამენტში ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები არ შეუშვეს
07/03/2023 06:54:45 პოლიტიკა
პარლამენტში ბიუროს სხდომის პარალელურად, ოპოზიციონერ დეპუტატებს დერეფნებში გადაადგილება შეზღუდული აქვთ. ოთხი დეპუტატი, მათ შორის, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ანი წითლიძე და გიორგი ბოტკოველი არ შეუშვეს სხდომაზე. ისინი არ არიან ბიუროს წევრები, თუმცა ამბობენ, რომ მათ როგორც პარლამენტის წევრებს დასწრების უფლება აქვთ.
ბიუროს დარბაზამდე მისასვლელი ყველა შესაძლო გზა დაცვის თანამშრომლებს აქვთ გადაკეტილი, მათ შორის გათიშულია პარლამენტის ამ სივრცეში ლიფტიც.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა მანდატურის სამსახურს და ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების დროს პარლამენტს დამატებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები იცავენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, პარლამენტში არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.


