ნაცვლიშვილი – პაპუაშვილს: "სად იყავით, როდესაც აქ კაცებზე, ქალებზე გადავლა ხდებოდა? რატომ არ გყოფნით მორალური ავტორიტეტი, ამ დროს შემოხვიდეთ და შეაჩეროთ ასეთი პროცესები?
07/03/2023 07:18:01 პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, სად იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე შაალვა პაპუაშვლი მაშინ, როდესაც კომიტეტების სხდომაზე "აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
"ის, რასაც ხედავთ და არ მოგწონთ ის რეაქციები, რამ გამოიწვია ამაზე არ გინდათ საუბარი? რამ მოიყვანა ის ხალხი პარლამენტთან, მათ შორის თქვენი ყოფილი კოლეგები. რა აალაპარაკა უამრავი ჯგუფი, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არც პოლიტიკურად მართულები არიან და არც ვინმედ მიერ მართულები? როდესაც ქალბატონი მზექალა შანიძე, ბატონი ბესიკ ხარანაული, პროფესორები, მასწავლებლები, ახალგაზრდები, სპორტსმენები , ხელოვანები გამოდიან და გეუბნებიან, რომ მათ უნდათ ევროპა და არა რუსულ კანონს, ხომ უნდა მიხვდეთ, რომ მარტო ხართ ამ რუსულ კანონთან? დარჩებით კიდევ უფრო მარტო და ძალიან მძიმე იქნება ეს მარტოობა და არ გისურვებთ, რომ ეს განიცადოთ.
როცა პარლამენტი შენობაში ის უბედურება ხდებოდა – კაცებზე გადავლა, ქალებზე გადავლა, კივილ–წივილი, პარლამენტის შენობიდან კინწისკვრით გაყრილი აკრედიტებული ჟურნალისტები, აქტივისტები, თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე სად იყავით და რატომ არ გყოფნით მორალური ავტორიტეტი, რომ თქვენ რომ ხართ ამ შენობის ხელმძღვანელი, აი, ამ დროს შემოხვიდეთ და შეაჩეროთ ასეთი პროცესები. რატომ არ გყოფნით ამის ავტორიტეტი?" – მიმართა ნაცვლიშვილმა პაპუაშვილს.
პაპუაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში იმყოფებოდა:
"რაც შეეხება იმ დღეს, როდესაც განსაკუთრებული აურზაური იყო მოწყობილი, აქ ვიყავი ქალბატონო ანა და ყველზე ბოლო გავედი ამ შენობიდან".


