ნაცვლიშვილი– პაპუაშვილს: "მანდატურებს ბრძანებებს არ უნდა აძლევდეთ, რომ სამსახურებს დაგატოვებინებთ თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს არ გაიყვანთ აქედანო"
07/03/2023 07:20:11 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში მანდატურებს სამსახურების დატოვებით ემუქრებიან. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
„იდეაში, რომ პატივს უნდა ვცემდეთ პარლამენტის თანამშრომლებს, გეთანხმებით! ამას სჭირდება პრაქტიკული გამოხატულება და ამ ადამიანების პატივისცემა თქვენი მხრიდან იცით რაში უნდა გამოიხატოს? ბრძანებებს არ უნდა აძლევდეთ და არ ეუბნებოდეთ, რომ სამსახურებს დაგატოვებინებთ თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს არ გაიყვანთ აქედანო. აი, მაგაში გამოხატეთ ამ ხალხის პატივისცემა და ნუ აყენებთ ამ ხალხს კუთხეში! მე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, გუშინ, დავტოვე ამ ხალხის პატივისცემით. ამათ წნეხავთ თქვენ, მაგით ხართ თქვენ ყოჩაღები სხვა ადამიანების ხარჯზე!“ - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.
ნაცვლიშვილის საპასუხოდ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როცა დეპუტატი არ ემორჩილება სხდომის თავმჯდომარეს რომ დატოვოს სხდომა, მანდატურის სამსახური მითითებებს ასრულებს:
„მანდატურის სამსახური მოქმედებს სრულად ჩემი მითითების საფუძველზე. მათ შორის, წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით. როცა არ ემორჩილებით სხდომის თავმჯდომარეს რომ დაგატოვებინოთ სხდომა. რაც შეეხება გაძევებასა და ა.შ, თუ არ იქნება დაცული წესრიგი სხდომისას, ან შენობაში, რა თქმა უნდა დაგატოვებინებენ ადგილს, აბა როგორ გინდათ? არ გინდათ პატივისცემა საპარლამენტო ცხოვრების“.


