Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: "სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია"

ირაკლი ღარიბაშვილი: "სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია"

07/03/2023 10:47:28 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პარტია „მოქალაქეების" წევრი, დეპუტატი ლევან იოსელიანი, რომელიც სახალხო დამცველის კანდიდატად ამავე პოლიტიკურმა ჯგუფმა წარადგინა და რომელსაც პარლამენტმა 7 მარტს უნდა უყაროს კენჭი, „აბსოლუტურად მისაღები“ კანდიდატია.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ლევან იოსელიანს მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება.

„ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს, არამედ მხარს დავუჭერდით იმ კანდიდატს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. ვფიქრობ, ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი, უმრავლესობა გადაწყვეტს. ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ვიცი რა, უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“, - განაცხადა პრემიერმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ლევან იოსელიანს 6 მარტს მოუსმინა. იმავე დღეს მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიას გააცნო მიღებული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ 7 მარტს პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს სრული შემადგენლობით დაუჭერს.

სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

გამჭვირვალე პროცესის შედეგად, დამოუკიდებელი და ამასთან, ისეთი სახალხო დამცველის არჩევა, რომელიც ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც მოსწონს, ევროკომისიის მე-12 შესასრულებელი პირობაა.

ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენამდე, საშემოდგომო სესიის ბოლოს, სახალხო დამცველის შერჩევის მრავალთვიანი პროცესი ჩიხში შევიდა. ჩავარდა 19-ვე კანდიდატი, რომლებსაც დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომებზე კითხვებს უსვამდნენ და მათ პოზიციებს ისმენდნენ. კანდიდატებს შორის იყო არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერილი სამი კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ემხრობოდა.

უკვე ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა გასული წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ, ომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S