აქუბარდია: "ამ კანონით არა მხოლოდ ნატო-ს და ევროკავშირის მომავალს უსპობთ ქვეყანას, არამედ დეოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობასაც"
07/03/2023 11:09:13 პოლიტიკა
დეპუტატ თეონა აქუბარდიას განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" საკითხთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტების მიღებით საპარლამენტო უმრავლესობა არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას კი არ ცდილობს, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებას. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ამ კანონით არა მხოლოდ ნატო-ს და ევროკავშირის მომავალს უსპობს ქვეყანას, არამედ დეოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობისაც.
.„ევროკავშირის ქვეყნების ყველა ელჩი მოვიდა თქვენთან და გითხრათ, რომ კანონის განხილვაც კი დააზიანებდა ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას და თქვენ ამბობთ, რომ ეს აუცილებელია ამ დროს იმისთვის, რომ გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. შეგახსენებთ, რომ ეს არის ტყუილი! არასამთავრობო სექტორის არანაირ გამჭვირვალობას არ ცდილობთ. თქვენ ცდილობთ ძალაუფლების შენარჩუნებას, რის შესახებაც დიმიტრი ხუნდაძემ, ერთ-ერთმა ავტორმა ამ რუსული კანონპროექტის ღიად თქვა, რომ დიახ, თურმე თქვენ გეშინიათ კრიტიკული ხმის, კრიტიკული პოზიციის და ძალაუფლების შენარჩუნება თქვენთვის არის უპირატესი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე. რუსული საქმეა ევროპაზე უარის თქმა და ამას რუსეთი ღიად აცხადებს, როგორც საჯაროდ, ასევე თავის დოკუმენტებში და როდესაც თქვენ გერიდებათ მოღალატეების ძახილი. კარგად უნდა გაიაზროთ თუ რა კანონს აძლევთ ხმას იმიტომ, რომ დასავლეთისგან ქვეყნის ჩამოშორება, დემოკრატიის განმტკიცების ხელის შეშლა არის სწორედ რუსული საქმე. თქვენ ამ კანონით არა მხოლოდ ნატო-ს და ევროკავშირის მომავალს უსპობთ ქვეყანას, არამედ დეოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობისაც. ამასთან დაკავშირებით არა მხოლოდ მე გეუბნებით ამას, არამედ კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებების და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებაა დეპუტატების სახელზე, სადაც ისინი მოგიწოდებენ არ მიიღოთ ეს კანონი“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.


