Accentnews.ge
ახალი ომბუდსმენი: "მადლობა სამ ქალს! ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში!"

ახალი ომბუდსმენი: "მადლობა სამ ქალს! ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში!"

07/03/2023 11:28:15 პოლიტიკა

სახალხო დამცველად ერთხმად ახლადარჩეული ლევან იოსელიანი დეპუტატებს ხათუნა სამნიძეს, თამარ კორძაიასა და თეონა აქუბარდიას მადლობას უხდის.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში: ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მას, რა თქმა უნდა, ვაცობიერებ. ჩემს მიმართ ნდობისთვის მადლობას გიხდით. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად გამოვედი, რომ მადლობა გადავუხადო სამ ძალიან მამაც ქალს - თამარ კორძაიას, ხათუმა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათ მიმართ ნამდვილი ბულინგი ან რაც გნებავთ, ის დაარქვით და მიუხედავად ამისა, მათ უერთგულეს საკუთარ სიტყვასა და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში - ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე ბევრი მამაკაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ ვერ შემომხედავდა თვალებში. მადლობას თითეულს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და ყველაფერს გავაკეთებ იმ პოზიციის გასამართლებლად, რომელსაც ძალიან საპატიო - სახალხო დამცველისსახელი ჰქვია" - განაცხადა ლევან იოსელიანმა არჩევის შემდეგ ტრიბუნიდან პარლამენტისადმი მიმართვისას.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოსტს ექვსი წლის განმავლობაში დაიკავებს.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად არჩევის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესი წარიმართა საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რაც შეუსაბამოა ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციასთან, არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „პარიზის პრინციპებს“ და არ იწვევს საზოგადოებრივ ნდობას:

„გამჭვირვალე კონკურსისა და ინკლუზიური ჩართულობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებამ დაასახელა ომბუდსმენობის კანდიდატები, რომლებმაც პარლამენტს წარუდგინეს დეტალური ხედვა და საჯაროდ უპასუხეს დეპუტატებისა თუ დაინტერესებული ჯგუფების შეკითხვებს. ამ კანდიდატების დაუსაბუთებლად უკუგდება, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვა და ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ პოზიციაზე პოლიტიკოსის არჩევა სრულად ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის, ისე გაეროს (GANHRI) რეკომენდაციებს“.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში მიუთითებენ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში განიხილება სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო რუსული კანონპროექტები, რაც ცხადად აშორებს ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას და საზოგადოების დაყოფას იწვევს, ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა პოლიტიკოსის მიზანი უნდა იყოს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიღების ხელშეშლა, ხოლო სახალხო დამცველად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმაციის მქონე პირის არჩევა.

განცხადებას ხელს აწერს: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); დემოკრატიის მცველები (DemDef); ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); მწვანე ალტერნატივა (Green Alternative); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia)უფლებები საქართველო (Rights Georgia); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Social Justice Center); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (Sovlab); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); საფარი (Sapari); თბილისი პრაიდი (Tbilisi Pride); ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)

პარტია „მოქალაქეების" წევრი, დეპუტატი ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველის კანდიდატად ამავე პოლიტიკურმა ჯგუფმა წარადგინა.

ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენამდე, საშემოდგომო სესიის ბოლოს, სახალხო დამცველის შერჩევის მრავალთვიანი პროცესი ჩიხში შევიდა. ჩავარდა 19-ვე კანდიდატი, რომლებსაც დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომებზე კითხვებს უსვამდნენ და მათ პოზიციებს ისმენდნენ. კანდიდატებს შორის იყო არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერილი სამი კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ემხრობოდა.

უკვე ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა გასული წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ, ომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S