"ოცნება" ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს გეგმავს "აგენტების" კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას, მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან"
07/03/2023 11:28:54 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ქართველ ხალხს მოუწოდებს, მივიდნენ პარლამენტთან, სადაც "ქართული ოცნება" ცდილობს, მალულად მოკლას თქვენი შანსი იცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში".
აღნიშნულის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც სესიაზე მმართველი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს გაიმართოს.
მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ "თავდაცვის კოდექსს ვერ ასწრებენ".
"მინდა, მივმართო პარლამენტთან შეკრებილებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა სახლში არიან, აქ ამ პარლამენტში დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს, მალულად მოკლას თქვენი შანსი იცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და აჩვენეთ ძალა კიდევ ერთხელ ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, დაჩქრებული წესით განხილვა და ოპოზიციის დიდ ნაწილს ჩაუკეტონ დარბაზი", – განაცხადა სამადაშვილმა.
აღნიშნულმა ოპოზიციის წევრი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია და აღნიშნეს, რომ განხილვაზე დასწრება ენმ–ის წევრებსაც სურდათ. საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა მთელ სასესიო კვირას".
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა სთხოვეს პაპუაშვილს, შესვენება მაინც გამოეცხადებინა, თუმცა შესვენება არ გამოცხადდა და ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების განხილვა უკვე მიმდინარეობს.


