ქემოკლიძე: "ძალიან მკაფიო გზავნილი იმ ქვეყნისგან, რომლის გვერდში დგომაზეცაა დამოკიდებული ის, რომ დღეს რუსულად არ ლაპარაკობ და ეკლესიებს რომ არ გინგრევენ!"
07/03/2023 16:05:49 პოლიტიკა
"ძალიან მკაფიო გზავნილი იმ ქვეყნისგან, რომლის გვერდში დგომაზეცაა დამოკიდებული ის, რომ დღეს რუსულად არ ლაპარაკობ და ეკლესიებს რომ არ გინგრევენ!,– ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" წევრი კახაბერ ქემოკლიძე აშშ–ის საელჩოს განცხადებას.
"დიპლომატიასაც აქვს თავისი ლიმიტები. სხვა სიტყვებით ვეღარ იტყოდნენ! აქვე მინდა, ჩემს მეგობრებს და კოლეგებს მივმართო სუს-ში, შსს-ში, თავდაცვაში, სასჯელაღსრულებაში, ფინანსურში - ბევრი მთავრობები გვინახავს ბარიკადის ყველა მხრიდან, მაგრამ დიადი მიზნისთვის, რომ ეს ქვეყანა არასოდეს უნდა გარუსდეს, არასოდეს გვიღალატია! მხნედ იყავით მეგობრებო და ამოიღეთ ხმა თქვენს ხელმძღავენობასთან. დააფიქსირეთ თქვენი გულიანი და ვაჟკაცური პოზიცია. თქვენ ყველანი უშიშარი და ამ ქვეყანაზე გიჟურად შეყვარებული ხალხი ხართ! ამით დაგიმახსოვრებთ ისტორია",– განაცხადა ქემოკლიძემ.
მანამდე აშშ–ის საელჩომ განაცხადა, "დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი".
პარლამენტში ამ წუთებში დაჩქარებული წესით განიხილება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტები "უცხოეთის აგენტების შესახებ." პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი აქციას მართავს ამ კანონის წინააღმდეგ.


